ახალი ამბები

განათლების კომიტეტმა აჭარის ტელევიზიის დაფინანსების გაზრდას მხარი დაუჭირა

16 თებერვალი, 2016 • 1213
განათლების კომიტეტმა აჭარის ტელევიზიის დაფინანსების გაზრდას მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დაფინანსებისათვის კანონით დაწესებული საპროცენტო განაკვეთის გაზრდის თაობაზე.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტის პარლამენტის პლენარულსხდომაზე განხილვა შემდეგი შენიშვნების გათვალისწინებით:

“გაუგებარია, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დააკლდება თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელს და თუ დააკლდება რა ოდენობით? საზოგადოებრივი მაუწყებლისტვის გამოყოფილი თანხების შემცირების შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია როგორ აისახება ეს თანამშრომელთა ხელფასებზე, ან ხომ არ გამოიწვევს რაიმე სხვა პრობლემას მაუწყებლობის სარისხის კუთხით.”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ თანხების განკარგვა ტელევიზიის საქმეა:

“აქ არის საუბარი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე, საუბარია ტექნიკურ გადაიარაღებაზე და პროგრამული პირორიტეტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის, ასევე ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ხარჯების ანაზღაურებაზე იმ სტანდარტების მიხედვით, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ქვეყნის მასშტაბით. ”

მისივე მოსაზრებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარი ბიუჯეტის შემცირება არ სურს:

“როგორც ჩანს, ბიუჯეტის მცირედით მაინც შემცირება არ შედის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესში და კანონში არსებული ნორმა ბიუჯეტების შეჯერების შესახებ, არ მუშაობს. ეს მექანიზმიდ დახვეწილი არ არის და როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარის მაუწყებელი უგზავნის ბიუჯეტის პროექტს, მუდმივად აჭარის ბიუჯეტის ხარჯზე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შენარჩუნება. კანონში წერია, რომ აჭარის ტელევიზიის დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 15  პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს და სამი წლის პრაქტიკიდან გამომდინარე 15 პროცენტს 0,1 მეათედითაც არ გასცდენია დაფინანსება. პარლამენტი არ უნდა მოიერიდოს ჩვენი ინიცირებუული კანონპროექტის მიღებას, ის არ  უნდა მოერიდოს ამ გადაწყვეტილების მიღებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება მუდმივად შეუჯერებელი ბიუჯეტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამტკიცებს იმ ბიუჯეტს, რაც მხოლოდ მას სურს, ხოლო რეგიონის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. ”

პეტრე ზამბახიძის თქმით, თუ პარლამენტი ინიცირებულ კანონპროექტს არ დაამტკიცებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაზე მუშაობას დაიწყებს:

“უახლოეს პერიოდში ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ დავიწყოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის და რადიოს რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შესახებ. პარლამენტს სესაბამისი ინიციატივით მივმართავთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება მუდმივი პრობლემა ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და შედეგამდე ვერ მივალთ, შესაბამისად რეგიონის ტელევიზია ვერ იქნება უფრო განვითარებული, იმიტომ რომ თანხები არ ჰყოფნის.თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთ ვარიანტად რეგიონულ მაუწყებლად გარდაქმნა რჩება.”

„მაუწყებლობის შესახებ”  კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, არანაკლებ 15%-ით,ხოლო პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ეს ზღვარი 17 %-მდე უნდა გაიზარდოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი