ახალი ამბები

ბესელია: დასკვნაში ჩავწერთ, რომ პრემიერის თანაშემწე სხდომაზე არ გამოცხადდა

16 თებერვალი, 2016 • 1115
ბესელია: დასკვნაში ჩავწერთ, რომ პრემიერის თანაშემწე სხდომაზე არ გამოცხადდა

პარლამენტის ადმაიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე “2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის მიერ  გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებათა ანგარიშები მოისმინეს. სხდომაზე ასევე უნდა მოესმინათ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწისთვის, თუმცა ის არ გამოცხადდა.

ეკა ბესელიას თქმით,   პრემიერის-თანაშემწეს სოფო ჯაფარიძეს შესაძლოა არ ეცალა, მაგრამ  მთავრობიდან მის ნაცვლად ვინმე უნდა მოსულიყო. მისივე მოსაზრებით, ეს ცუდი ტონია და კომიტეტი აუცილებლად ასახავს თავის დასკვნაში:

“ერთადერთი, ვინც  ვერ შეძლო ინფორმაციის წარმოდგენა, საწმუხაროდ, არის ქალბატონი სოფო ჯაფარიძე. არც არავინ გამოცხადდა, ვინც ამ ინფორმაციას წარმოადგენდა და მართალი გითხრათ, მთლად ობიექტურად არ მიმაჩნია. შარშანაც იგივე მოხდა. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი რატომ ხდება. ვეცდები რომ პირადადაც დაველაპარაკო, ძალიან ყურადღებიანი და რატომ ხდება, რომ შარშანაც ეს ერთადერთი რგოლი იყო, რომელიც ვერ მოვისმინეთ და წელსაც… ჩვენ ამას ჩავწერთ დასკვნაში და შეიძლება ერთი რეკომენდაცია მოვიფიქროთ, რომელსაც  მას გავუგზავნით, რომ მოვიდეს ხოლმე. მთავრობის ყველაწევრი მოდის, აბსოლუტურად ყველა წევრი მოდის და უბრალოდ გაუგებარია, რატომ არავინ არის. თვითონ ბორჯომშია კონფერენციაზე, მაგრამ არც არავინ გამოცხადდა, ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მგონი არ არის კარგი ფორმა, როდესაც კომიტეტი უსმენს მთავრობის ყველა უწებას, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავად მოდის და ყველა უწყების ხელმძღვანელი პირები, საპარლამენტო მდივნები მოდიან, არ მგონია კარგი ტონი იყოს ეს ფორმა, იმედი მაქვს, რომ ეს კოორდინაცია და რაღაცა ორგანიზება მოხერხდება ისე, რომ ვინმე მოვიდეს ამ ინფორმაციის წარმოსადგენად. ადამიანის უფლებების სფეროს უწევს კოორდინაციას ეს სამდივნო, ეს რგოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაა ჩვენთვის. გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრა რეკომენდაციების შესრულება არანაკლები მნიშვნელოვანია. ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა და ამას დასკვნაში აუცილებლად ავსახავთ.”

დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენლებს, ასვე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოუსმინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი