ახალი ამბებიკომენტარი

მოქალაქეების ნაწილი ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას მოითხოვს

16 თებერვალი, 2016 • 1968
მოქალაქეების ნაწილი ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სრულიად საქართველო” მოითხოვს, რომ ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალოს. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გულწრფელად ვგლოვობთ დიდი სწავლულის – ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებას. გიორგი მთაწმინდელის შემდეგ საქართველოს ამ რანგის განმანათლებელი, მთარგმნელი და მაღალი ლიტერატურის ქომაგი არ ჰყოლია.

საზოგადოებას მოკრძალებით შევახსენებთ, რომ ჩვენ არ მივეკუთნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ახსენდებათ პიროვნების ღვაწლი.

სასტიკად აღგვაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საბურთალოს სასაფლაოზე ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

ბაჩანა ბრეგვაძე პატივით უნდა დაიკრძალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

აქვე დავძენთ, რომ მთაწმინდის პანთეონში ნამდვილად მოიძებნება ადგილი, სადაც ბაჩანა ბრეგვაძის ნეშტის დასვენება შეიძლება.

სიცოცხლეში ჯეროვნად არდაფასებულ ბაჩანა ბრეგვაძეს გარდაცვალების შემდეგ მაინც მივაგოთ ღირსეული პატივი.

ხელისუფლება ვალდებულია ისმინოს ხმა ერისა.“- წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ თემურ ქორიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია  “სრულიად საქართველო”-ს წარმომადგენლები: პროფესორი ანზორ აბრალავა, ბესიკ გვაზავა, იანა კუჭავა, ზურაბ ლეჟავა, ლევან სილაგავა, ნოდარ ქორიძე, ნეოლინა დუნდუა და გიორგი ხულორდავა.

manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია ამავე მოთხოვნით, პეტიციის ავტორი  მარინა ჯანჯიბუხაშვილია. იგი წერს:

“მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის უდიდესი და უპრეცედენტო ღვაწლი, რაც მან დასდო ქართულ კულტურას, კერძოდ, ქართულ ინტელექტუალურ აზრს და აქედან გამომდინარე, მის სამუდამო განსასვენებლად დაადგინოთ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, რადგან თუ რამით უნდა იამაყოს ჩვენმა მომავალმა თაობებმა, უთუოდ, ასეთი დიდი მოღვაწეების უანგარო და ფასდაუდებელი შრომით.”

ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა გრეგვაძე 80 წლის ასაკში 2016 წლის 14 თებერვლას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი