ახალი ამბები

ქუთაისელმა ჟურნალისტმა YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს გამო სამსახური დატოვა

22 მარტი, 2011 • • 1253
ქუთაისელმა ჟურნალისტმა YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს გამო სამსახური დატოვა

„მეგა ტვ-ს“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშილმა სამსახური YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს გამო დატოვა. ვიდეო 18 მარტს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის “Music Hall”-ში გამართულ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე „მეგა ტვ-ს“ ჟურნალისტმა ამავე ტელეარხის კამერით გადაიღო. სიუჟეტი იმავე დღეს ტელეკომპანიის ეთერით გავიდა, მოგვიანებით კი „შავი მასალა“ ტელეარხის ხელმძღვანელობასთან შეუთახმებლად YouTube-ზე საკუთარი პერსონალური ანგარიშით ატვირთა.

მანანა ქველიაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების დეტალები ასე გაიხსენა:

„- როდესაც სამსახურში მივედი, ტელევიზიის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ სამსახურიდან წავსულიყავი.

ჩვენ შორის დაახლოებით ამ შინაარსის დიალოგი გაიმართა:

„-შენ ატვირთე ვიდეო იუთუბზე?

“-დიახ, ბატონო მერაბ.

“-მერე, ვინ მოგცა მაგის უფლება? ეს მასალა მეკუთვნის მე და მისი გამოყენებისა და იუთუბზე ატვირთვის უფლება არ გქონდა. წადი აქედან!

მე მშვიდად მივაწოდე მიკროფონი ტელევიზიის ხელმძღვანელს-მერაბ კიკაბიძეს (იმ წამს დავბრუნდი გადაღებიდან), ჩავაბარე  მისი კუთვნილი ტექნიკა და წამოვედი.“

„მერაბმა უთხრა, რატომ გააკეთე ეს და წადი აქედანო, რაც სამსახურიდან წასვლას არ გულისხმობდა, მერაბი გაბრაზებული იყო, რადგან მან სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებისგან შეიტყო იუთუბზე შავი მასალის არსებობის შესახებ.  როდესაც ტელევიზიის ჟურნალისტი მიდის სიუჟეტის მოსამზადებლად, ეს  მასალა ეკუთვნის ტელევიზიას და როცა ახლა ამბობენ, არ ვიცოდი ამის შესახებო, მართლა გაკვირვებული ვარ,“ -ამბობს ნანა თოშხუა, „მეგა ტვ-ს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

„თეორიულად ეს კადრები ნამდვილადაა ტელეკომპანიის საკუთრება. თუმცა მე ტელევიზიასთან არ მქონია გაფორმებული არანაირი კონტრაქტი. არასოდეს არავის უთქვამს ჩემთვის, რომ არ შემეძლო მასალების ატვირთვა იუთუბზე. ის, რომ იუთუბზე კადრების ატვირთვას ვაპირებდი, იცოდა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელმა, მათ შორის – რედაქტორმაც. უბრალოდ, მე არ ამიღია ნებართვა უშუალოდ ტელევიზიის ხელმძღვანელისაგან. ამასთან, არც არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ეს აუცილებელი იყო!“-ამბობს მანანა ქველიაშვილი.

ნანა თოშხუას თქმით, ტელევიზიას არც ერთ ჟურნალისტთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული:

“სიტყვიერი ხელშეკრულება არსებობდა ჩემსა და მანანას შორის.  ის სამი კვირაა, რაც მუშაობს ჩვენთან“ – ამბობს ნანა თოშხუა.

მანანა ქველიაშვილის თქმით, დღეს, სამსახურიდან მისი გაშვების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს „მეგა ტვ“-ის ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ მანანა იქ არ მუშაობდა, არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა “მეგა ტვ“-ს მასთან და, შესაბამისად, სამსახურიდანაც ვერ გაუშვებდნენ.

ამ ინფორმაცია უარყოფენ „მეგა ტვ“-ში და აცხადებენ, რომ მანანა ქველიაშვილი მათ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ.

„მოგვიანებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მას არ გავუშვივარ სამსახურიდან და წასვლის შესახებ „უბრალოდ ისე მითხრა“ . მისივე თქმით,  შემიძლია დღესვე დავბრუნდე სამსახურში,“-ამბობს მანანა ქველიაშვილი.

„ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით და ხვალ მანანას ველოდები სამსახურში“ – ამბობს ნანა თოშხუა.

მანანა ქველიაშვილი „მეგა ტვ-ში“ დაბრუნებას არ აპირებს.

„საერთოდაც, აწი სანამ სადმე დავიწყებ მუშაობას, პირველ რიგში კონტრაქტს მოვითხოვ. საკუთარი უფლებების დაცვა რომ შევძლო და ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, როგორშიც ახლა ვარ,“-აცხადებს ჟურნალისტი.

ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი უკავშირდება კადრებს, რომლებიც ქუთაისში მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზე იქნა გადაღებული.

საღამოს მიმდინარეობის დროს მწერალი ზაზა ბურჭულაძე ოპერის თეატრის სცენაზე სათამაშო იარაღით ავიდა, 4–წუთიანი სიტყვით გამოვიდა, დარბაზში მსხდომთ მასაჟის გაკეთება შესთავაზა, ხოლო როცა მის ინიციატივას არავინ გამოეხმაურა, სცენა დატოვა. თუმცა წასვლამდე თქვა: “ქურდებს სიცოცხლე! ბოზებს სიკვდილი!” სწორედ ეს ფრაზა გახდა ქუთაისის ინტელიგენციისათვის გამაღიზიანებელი. თხუთმეტამდე ადამიანმა დარბაზი ხმაურით დატოვა და ბურჭულაძის ლანძღვა ოპერის თეატრის წინ გააგრძელა.

მანანა ქველიაშვილმა ეს პროცესი ფირზე აღბეჭდა, ვიდეო კი სოციალურ ქსელში განათავსა. ჟურნალისტმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ვიდეოს ინტერნეტში განთავსებამდე ტელეარხის ეთერში ამ კადრების მიხედვით მომზადებული სიუჟეტი გავიდა. ვიდეომასალით კი დღეს ცენტრალური ტელეარხები დიანტერესდნენ. ქველიაშილის თქმით, „მეგა ტვ-ს“ ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიებს, მათ შორის, „მაესტროსა“ და „იმედს“ „შავი მასალის“ გადაცემაზე უარი განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი