ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

15 თებერვალი, 2016 • 1233
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არ არის მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნების საკითხი. როგორც საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე აცხადებდა, იგი შიდა მოკვლევის შედეგებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სწორედ ამ კვირაში გააცნობდა.

სხდომის დაწყებამდე არც საბჭოს მდივანს და არც თავმჯდომარეს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მისამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების საკითხები მოსამართლეობის კანდიდატმა წინასწარ იცოდა. იმავე დღეს საბჭოს მდივანმა, ლევან მურისიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის შესახებ საბჭოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია და შიდა მოკვლევას პირადად აწარმოებდა.
3 თებერვალს კი, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ნინო გვენეტაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, იგი ახლადდანიშნული მოსამართლეების საზეიმო ფიცის დადებით დაიწყო. 12 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 მოსამართლე დანიშნა, რომელთაგან მხოლოდ სამი მათგანი არ იყო მოსამართლე, შესაბამისად, ფიცი სწორედ მათ დადეს.

ეს მოსამართლეები არიან: ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ფხალაძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი და და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მომსამართლე ნანა ჯოხაძე.

დღევანდელ, 15 თებერვლის სხდომაზე 9 საკითხს განიხილავენ. საკითხებს შორის არის მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული სასამართლო რეფორმა და სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი