ახალი ამბები

ფატუ ბენსუდა თბილისში 27 თებერვალს ჩამოვა

14 თებერვალი, 2016 • 1330
ფატუ ბენსუდა თბილისში 27 თებერვალს ჩამოვა

გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებს და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ეთიკური წმენდის, სამხედრო ტყვეების წამების და სხვა დანაშაულებათა გამოძიების აუცილებლობის საკითხი.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლებს მათთან. 27 თებერვალს მათი ჯგუფის ვიზიტი იგეგმება თბილისში. რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო ითანამშრომლებს მათთან და გაუწევთ პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

ფატუ ბენსუდას განმარტებით, ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნა მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი