ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი

21 მარტი, 2011 • 1078
უცხოური პრესის დაიჯესტი

დასავლური მედია გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტს ეხმიანება. Dalasnews.com პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკულ ვოიაჟზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მკითხველს მის გარკვეულ დახასიათებასაც სთავაზობს.  სტატიის ავტორის თქმით: “სხვადასხვა მიზეზთა გამო სააკაშვილი  დასავლეთში ბევრისთვის ფავორიტი აღარ არის. ზოგს მიაჩნია, რომ  ძალიან ექსცენტრულია და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ენერგიული დემოკრატიული რეფორმები სჭირდება. სხვები, როგორც სჩანს, იმედოვნებენ, რომ სააკაშვილის გვერდზე ჩაჩოჩებით პუტინის რუსეთთან თბილი ურთიერთობების დამყარებას შესძლებენ.”

ამ დახასიათების მიუხედავად, სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ სააკაშვილი და საქართველო დასავლეთის ყურადღებას იმსახურებს, რამდენადაც სააკაშვილმა “თავისი პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა თამამი რეფორმების მთელი სერიის მეშვეობით საბჭოთა ჭაობიდან  მოდერნიზებად ევროპულ ქვეყნად სწრაფად აქცია”. სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრუკინგის ინსტიტუტში გამოსვლისას შტატებისადმი გაკეთებულ გზავნილზეც წერს, რის თანახმადაც, ამერიკამ არ უნდა უღალატოს თავის იდეალებს და სთხოვს შტატებს, უარი არ თქვას ისეთ შორეულ ქვეყნისადმი ზრუნვაზე, როგორიც საქართველოა.” ამავე ინსტიტუტში გამოსვლისას სააკაშვილმა საქართველო და ტუნისი ერთ სიბრტყეზე განიხილა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ტუნისის მსგავსი ქვეყნები ”დიდი ყურადღებით უსმენენ” ამერიკას.

ეხოკავკაზას” გამოცემაც ეხმიანება პრეზიდენტის გამოსვლას ბრუკინგის ინსტიტუტში და წერს, რომ ამ გამოსვლამ ვაშინგტონის ანალიტიკური წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც თემის მნიშვნელობიდან იყო გამომდინარე. სააკაშვილი თავის მოხსენებაში, ეყრდნობოდა რა საქართველოს პოსტრევოლუციურ გამოცდილებას, საუბრობდა პრობლემებზე, რომელთა წინაშეც შესაძლოა რევოლუციების შემდეგ ტუნისისა და ეგვიპტის ხელისუფლებაც აღმოჩნდეს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სააკაშვილმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ მთავარია ეგვიპტესა და ტუნისში ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ხალხი  მოკლე ხანში მათგან ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ელოდება. თავის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი, სამართალდამცავი ორგანოებისა და ეკონომიკის რეფორმების გარდა, საქართველოში მთავარ რეფორმად საზოგადოების მენტალურ გარდატეხას მიიჩნევს. ამ მხრივ, პრეზიდენტმა მოხსენებისას განაცხადა, რომ ეგვიპტეს, როგორც დიდ ქვეყანას,  მეტი პერსპექტივას აქვს, რამდენადაც ჩვენგან განსხვავებით იქ უფრო იოლია ალტერნატივის პოვნა.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ვითარებას ჩრდილოკავკასიაში,  სააკაშვილმა პუტინის პოლიტიკა ამ რეგიონში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის პოლიტიკას შეადარა და დასძინა, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს, რამდენადაც ძალადობა ბადებს ძალადობას. სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ამასწინდელი გამოსვლაც გაიხსენა, სადაც იგი  ჩრდილოკავკასიაში დესტაბილიზააციის მცდელობაში საქართველოს სდებდა ბრალს და განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები იმის მაჩვენებელია, რომ კრემლში ამ დრომდე არ იციან, როგორ გადაჭრან აქ პრობლემები და ამიტომაც ეძებენ მტრებს საკუთარი ქვეყნის მიღმა, მათ შორის საქართველოშიც.

“ამერიკის ხმის” რუსული ბიურო აქვეყნებს სტატიას, რომელიც მკითხველს მოუთხრობს, თუ რამ გამოიწვია რუსეთის აღშფოთება, როდესაც ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ერგნეთის საჯარო სკოლაში ნატოს კუთხე გახსნა.

სტატიის თანახმად,  7 მარტს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგო გოგოტიშვილმა ნატოს კუთხის გახსნისას განაცხადა, რომ ერგნეთი, ისევე როგორც სხვა ქართული სოფლები, ნატოს ზონას წარმოადგენს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა იკითხა, თუ რა ნატოს ზონაზეა საუბარი. რუსეთის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათ ესმით, ქართულ მხარეს აქვს მცდელობა,  რაიმე გზით ჩართონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა განცხადების თანახმად,  საქართველოს იმავდროულად ავიწყდება, დაინტერესდეს ისეთი მეზობელი “რესპუბლიკების” აზრით, როგორებიცაა– აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანლის განცხადებას საქართველოს ნატოს ზონად მიჩნევასთან დაკავშირებით უფრო სურვილად აფასებს, ვიდრე –რეალობად. მაცაბერიძის თქმით, საქართველო ნატოს ზონა არ არის და მისი ვარაუდით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მოკლე დროში ვერ განხორციელდება.

“ევრაზიანეტი” აქვეყნებს სტატიას სათაურით საქართველო: ეკოლოგიური რეფორმა კომერციასა და დაცვას შორის „ოქროს წონასწორობის“ მოიძიებას ცდილობს. სტატიის ავტორი მოლი კორსო  გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებების შეკვეცის შესახებ წერს და გარემოსდამცველების მოსაზრებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თბილისის მთავრობა მზადაა, გარემო აზარალოს.

სტატიაში მოყვანილია ქართული გარემოსდამცველი ორგანიზაციების მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა ზიანს გამოიწვევს სამინისტროს რეორგანიზაცია. ზოგიერთი გარემოსდამცველის აზრით, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მოტივაცია მთავრობაში წესრიგის დამყარება კი არ არის, არამედ გარემოსდაცვითი საკანონმდებლო სისტემისა და სამინისტროს ქმედუნარიონობის შესუსტება, რადგან მას პოტენციურად შეეძლო შეეფერხებინა მთავრობის მიერ ინვესტიციების მოძიებისკენ მიმართული აგრესიული ძალისხმევა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ძირითადად, შეშფოთება  საქართველოს მთავარ ბუნებრივ რესურსს, ტყეს ეხება.  რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროში, რომელიც ინვესტიციებზეა  ორიენტირებული, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების სპეციალური სააგენტო. ეს სააგენტო გააკონტროლებს ტყის ლიცენზირებასა და ნავთობის, აირისა და მიწისქვეშა წყლით  მომარაგების საკითხებს. ნანა ჯანაშიასთვის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)  აღმასრულებელი დირექტორისთვის, უფლებამოსილებათა გადაცემა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტყეები  სწრაფად დაექვემდებარება პრივატიზაციას.

„მე ვფიქრობ, ახლა მათთვის პრივატიზაცია გაიოლდება, ბევრად უფრო ეფექტური გახდება, რადგან ეს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალება“, ხოლო წინათ ამას ორი სხვადასხვა სამინისტრო წყვეტდა. „ახლა ჩვენ, ალბათ, მივიღებთ ბუნებრივი რესურსების მასობრივ პრივატიზაციასა და აუქციონებს“-აცხადებს ჯანაშია ევრაზიანეტისთვის მიცემულ ინტერვიუში. იმავდროულად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა გამცემლიძე ამტიკცებს, რომ ტყეები დაცული იქნება ზედმეტად აგრესიული პროვატიზაციისგან, თუმცა ამ განცხადების საპირისპიროდ იქვე დასძენს, რომ ეკონომიკური ინტერესები უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს გარესმოსდაცვით პოლიტიკაში.

სტატიის ქართული თარგმანის წაკითხვა www.foreignpress.ge– ზეა შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი