ახალი ამბები

სამინისტრო: ურეკში ნარჩენების გადამზიდი სადგური მოეწყო

13 თებერვალი, 2016 • 1061
სამინისტრო: ურეკში ნარჩენების გადამზიდი სადგური მოეწყო

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ურეკის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები ჩაატარა. ტერიტორიაზე ნარჩენების გადამზიდი სადგური მოეწყო. საიზოლაციო გრუნტით გადაიფარა  არასახიფათო ნარჩენები. მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება, განახლდა არსებული ღობე.   ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“ნაგავსაყრელის დახურვისა და გადამტვირთი სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ურეკის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 13 იანვარს გადაეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა, რაც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნარჩენების გადამზიდი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ურეკის გადამზიდი სადგურიდან მერიის ნაგავსაყრელზე.

პროექტის ღირებულებამ 226 ათას ლარზე მეტი შეადგინა,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი