ახალი ამბები

დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს წყალმომარაგება 17:00 საათზე აღუდგება

13 თებერვალი, 2016 • 1338
დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს წყალმომარაგება 17:00 საათზე აღუდგება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  ამ დროისთვის მარშალ გელოვანის გამზირზე დასრულებულია წყალსადენის ავარიულად დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი:

“აღნიშნულის გათვალისწინებით, წყალმომარაგება დღეს, 17:00 საათზე აღუდგება: დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, 900 მმ-იანი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს გუშინ საღამოდან ახორციელებს. სამუშაოების დროში გახანგრძლივება გამოწვეულია იმით, რომ დაზიანების ადგილთან ახლოს გადის სხვადასხვა კომუნიკაციები და მაღალი ძაბვის სადენები, რის გამოც ვერ ხერხდება სპეცტექნიკის გამოყენება და კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ.”

კომპანიის განმარტებით, გადაუდებელ სამუშაოებს დღის ბოლომდე მთლიანად დაასრულებენ, შესაბამისად, ღამის 12 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება: ლუბლიანას, ბელიაშვილისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებს, დიღომი-8-ს, ჟვანიას სახელობის კლინიკასა მიმდებარე კლინიკებს, აშშ-ს საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე  ობიექტებს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი