ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება ხვალამდე შეუწყდება

12 თებერვალი, 2016 • 2062
თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება ხვალამდე შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

GWP-ს ცნობით, ავარიულად დაზიანებულ 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე სამუშაოებს კომპანია, დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ჩატარდება და დასრულდება ხვალ, დღის მეორე ნახევარში.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას ართულებს და დროში ახანგრძლივებს დაზიანების ადგილის სიახლოვეს გამავალი სხვადასხვა კომუნიკაციები, მათ შორის, მაღალი ძაბვის სადენები.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00-დან, წყალმომარაგება შეუწყდება:

  • დიდ დიღომს, ზაჰესისა და ზემო ვეძისის დასახლებების მცირე ნაწილს, ვაშლიჯვრის, ქოშიგორისა და აშშ-ს საელჩოს დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს;
  • საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მათ მიმდებარე დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე რამდენიმე ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, 13:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2931111, ფეისფუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის მომხმარებელს ბოდიშს უხდის. როგორც GWP-ში აცხადებენ, კომპანია შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი