ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: რუსულენოვანი არხის გახსნა ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა

12 თებერვალი, 2016 • 1119
ზაქარეიშვილი: რუსულენოვანი არხის გახსნა ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ქართულ მედია სივრცეში რუსულენოვანი ტელეკომპანიის გახსნა, ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა.

“ეს მხოლოდ იდეაა, რომელიც ადრეც არაერთხელ გამიჟღერებია. თუმცა, აქვე აღვნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი, არ შეესაბამება სინამდვილეს. სხვა ფორმატებში კი ამ იდეაზე ბევრჯერ მისაუბრია. მაგალითად 2015 წლის 29 ნოემბერს ჟურნალისტებთანაც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: მიმაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დანარჩენ საქართველოში. ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ამ ტერიტორიების მცხოვრებთა დიდი ნაწილი ქართულ ენას უკვე აღარ ფლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ არაფერი იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და საჭიროა, ამგვარი შესაძლებლობა შევქმნათ. არხი არ უნდა იყოს პროპაგანდისტული. ეს უნდა იყოს საინფორმაციო ტიპის ტელეარხი, რომლითაც ამ ტერიტორიების მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს”.

აქვე, მინისტრს ესტონეთის მაგალითიც მოჰყავს.

“არსებობს ამ ტიპის ტელეარხი, რომელლის საშუალებითაც რუსულენოვან მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, მცირე ხნის წინ ევროკავშირმა შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობისთვის ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება. ამგვარი ტელეარხის არსებობის აუცილებლობას თითქმის, ყველა ეთანხმება, ვისთვისაც ეს იდეა გამიზიარებია, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამჟამად მის რეალიზაციაზე საუბრიც კი ზედმეტია. ამდენად, არანაირი ტექნიკური საკითხების დამუშავება არ დაწყებულა. თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს იდეის განხორციელების საშუალება ექნება, ტექნიკურ საკითხებზე სპეციალისტებმა უნდა დაიწყონ მუშაობა”, – განაცხადა მინისტრმა.

“თუ ხელისუფლება რუსულენოვანი გადაცემების მოწყობას აპირებს, ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს და არა რუსული. მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ როდესაც რუსულენოვანი ტელევიზი “პიკი” მოქმედებდა ის რუსეთის ინტერესებს არ გამოხატავდა, არამედ პირიქით. მე გამოვრიხავ იმას, რომ ეს რუსული პროპაგანდისთვის კეთდებოდეს, ოღონდ ეს ჯერ მხოლოდ განზრახვაა”, -გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი აღნიშნულ ინიციატივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი