ახალი ამბები

უსუფაშვილი: კობა გვენეტაძეზე პარლამენტს პოზიცია ჯერ არ აქვს

12 თებერვალი, 2016 • 1021
უსუფაშვილი: კობა გვენეტაძეზე პარლამენტს პოზიცია ჯერ არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი მიიღებს და განიხილავს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატად წარმოდგენილ კობა გვენეტაძის კანდიდატურას:

“პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტს წარმოუდგენს ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურას. პარლამენტი მიიღებს ამ კანდიდატურას, განიხილავს კომიტეტებში, ფრაქციებში და მიიღებს გადაწყვეტილებას. რაიმე პოზიციები პარლამენტის მხრიდან ამ ეტაპზე არ არსებობს.  ვერც იარსებებს იმიტომ, რომ კანდიდატი ახლახან დასახელდა, მას ზოგი იცნობს, ზოგი არ იცნობს. ბევრი გაიცნობს, იქნება მოსმენები და ჩამოყვალიბდებით იმ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოვიაზრებთ, როგორც სტაბილური და სკანდალების და აურზაურის გარეშე მოქმედ უწყებას. მას საბჭოს წევრების სახით, უნდა ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი, კვალიფიციური, დამოუკიდებელი, პრინციპული ადამიანები. ამ კრიტერიუმებით შევაფასებთ მას.”

საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.

მათივე ინფორმაციით,  არასამთავრობო სექტორმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი