ახალი ამბები

რა შანსები აქვს ქორწინების განსაზღვრას კონსტიტუციაში

12 თებერვალი, 2016 • 1975
რა შანსები აქვს ქორწინების განსაზღვრას კონსტიტუციაში

მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიზანიც კონსტიცუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაა? “ნეტგაზეთი” საპარლამენტო ფრაქციების პოზიციით დაინტერესდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ინიციატივა, რომელზეც ბოლო დროს ფარქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა, მანამდე კი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გულისხმობს კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად განსაზღვრას. ამჟამად არსებულ რედაქციაში ეს დაკონკრეტებული არ არის.

საპარლამენტო ფრაქციის “ქართული ოცნება-რესპუბლიკელები” წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ  კოალიცია “ქართული ოცნება” და მასში შემავალი ფრაქციები კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის დეფინიციას ვერ ჩაწერს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმის გამო. ის ამის აუცილებლობასაც ვერ ხედავს:

“იმის გამო, რომ ჩვენ სათანადო კანონმდებლობა გვაქვს, ვერანაირ აუცილებლობას ვხედავ წამოვიწყოთ ისეთი საქმე, რომელიც წინასწარვე განწირულია.  ჩვენ ამას ვერ ჩავწერთ კონსტიტუციაში, რადგან 113 ხმა სჭირდება და უბრალოდ დათვლით ჩანს, რომ ეს 113 ხმა არ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს პროპაგანდის ნაწილი, რომელშიც ენერგიის დახარჯვის საჭიროებას არ ვხედავ. ტექნიკური განმარტება გააკეთა ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, რომ არსებული კანონმდებლობა საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი პრობლემა ქვეყანას არ ქონდეს. გარდა ამისა, არავინ ითხოვს ამ ქორწინებას და წინასწარ რატომ ავიტკიოთ თავი. არსებული კანონმდებლობაში პირდაპირ წერია რა არის ქორწინება. ასე, რომ მისი გართულება და გაკონსტიტუციურება არ ღირს. ვფიქრობ, რომ ამაზე რაიმე თეორიების აწყობას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.”

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს როგორი იქნება “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება ამ საკითხზე, თუმცა აღნიშნავს, რომ პირადად ის არც ინიცირების დოკუმენტს მოაწერს ხელს და კენჭისყრის შემთხვევაში ხმასაც არ მისცემს:

“ვერ გეტყვით როგორი იქნება რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირადად მე, როცა ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ, არც იქ მოვაწერ ხელს და არც ხმას მივცემ. საკითხი ხელოვნურად არის წამოწეული. არავინ ითხოვს სერიოზულად ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას. 20-30 წლის მერე რა იქნება, არავინ იცის.  შეიძლება ვითარება შეიცვალოს, შეიძლება არ შეიცვალოს. საკითხი აღძრულია და გაივლის თავის გზებს. მოვლენ ჩემთანაც და მეტყვიან ინიცირებას მხარს უჭერ, თუ არა. მე ამას ხელს არ ვაწერ და ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვინც ხელს არ აწერს. ასევე, ძალიან კარგად ვიცნობ ხალხს, ასეთები მოიძებნებია ჩემს ფრაქციაშიც, ვინც მოაწერს ხელს. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც რაიმე ფრაქციული, პარტიული გადაწყვეტილება ვერავისზე ვერანაირ გავლენას მოახდენს. “

ბერძენიშვლის თქმით, არსებობს ხალხი, ვისაც ჰგონია რომ “ამ თემით უნდა გავიდეთ” არჩევნებზე:

“ეს არ მგონია პარლამენტარებს ეხებოდეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი ხმა მოემატება იმით, რომ ასეთი საკითხი აწია და თან ვერ გაიტანა პარლამენტში, ესე იგი არ იცნობს ამ ქვეყანას. საქართველოს არ აღელვებს ეს საკითხი, ეს საკითხი აღელვებთ სპეციფიკურ ადამიანებს, მათ შორის ჰომოფობებს და ჰომოფილებს. ორივე მხარე ძალიან ცოტანი არიან,  ძირითად მოსახლეობას ეს საკითხი არ აღელვებს, აღელვებთ დასაქმების, ჭამის და სმის პრობლემა.”

დეპუტატი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპა საქართველოსგან ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას არ მოითხოვს და საკითხის წამოწევას :

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერს და მერე ჩვენი მოქალაქე, რომელსაც ამის სურვილი აქვს, ევროსასამართლოში ვერ წავა და ვერ გაასაჩივრებს, ცდება. ევროსასამართლომ იტალიას მიუთითა, რომ ასეთი ქორწინება უნდა დაარეგისტრიროს. ევროპა არ გვთხოვს ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას, ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი. არსებული კანონმდებლობით ქორწინება ქალს და კაცს შორის კავშირია, ახლა ეს კონსტიტუციაში ავიტანოთ და  თუ გინდა საქართველოს შემოსასვლელში დავწეროთ, ამით არაფერი შეიცვლება. “

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების”  წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ისიც და მისი ფრაქციაც, ისევე როგორც პარტია  მხარს უჭერენ ამ ინიციატივას.

“ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ამგვარი ჩანაწერი აუცილებელია კონსტიტუციაში. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრებაც და ჩვენი პარტიული ხედვაც”.

“თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წევრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს:

“თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი ის არის, რომ ამ თემაზე სპეკულაციები დასრულდეს, მე პირადად მხარს ამასაც დავუჭერდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში გაწერილია. ზოგადად ვადასტურებ, რომ ქორწინება ჩემთვის არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, მე ქორწინების სხვა ფორმას არ ვიცნობ და არც მინდა, რომ ვიცნობდე”.

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” გაკოტრებას ააშკარავებს. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება სპეკულაციებით არის დაკავებული:

” იმდენად გაკოტრებულია “ქართული ოცნება”, იმდენად არაფერი აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის, იმდენად არ აქვს უნარი და ხედვა იმისთვის, თუ როგორ გადაჭრას ხალხის და ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები, როგორიცაა: უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული უსაფრთხოება, რომ უკვე ამ თემის გარშემო სპეკულირებით დაკავდა. კომუნისტური პარტიის და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორსაც წარმოადგენს გია ვოლსკი, ეორვნულ ფასეულობებზე, პატრიოტიზმზე და მსგავს ცნებებზე თავის დადება, ყოველგვარ სანდოობას არის მოკლებული.” ზოგადად „ქართული ოცნება“ დიდი წილად საბჭოთა ოკუოპაციის ყოფილი იდეოლოგიზირებული მსახურებისგან შედგება და მათი მხრიდან ეროვნულ ფასეულობებზე აპელირება, მაშინ როცა წარსულშიც და დღესაც ემსახურებოდნენ ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს – უბრალოდ სასაცილოა. “

კითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამ ინიციატივას პარლამენტში ინიცირების შემთხვევაში, კანდელაკი პასუხობს:

“იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ არ მგონია ეს იაფფასიანი სპეკულაცია გადაიზარდოს სერიოზულ პოლიტიკურ პროცესში. ლგბტ თემატიკა ჩვენს საზოგადოებაში სტიგმატიზებულია და რუსული პროპაგანდა სწორედ ამიტომ ცდილობს ამ თემის ირგვლივ ააგოს საკუთარი ტაქტიკა რათა მოახდინოს ევროპული იდეის დემონიზაცია. ლგბტ თემატიკით ვინც სპეკულირებს, მას ეს თემა კი არ აინტერესებს, არამედ უბრალოდ ცდილობს მიაღწიოს ოკუპანტი სახელმწიფოს ამოცანებს ჩვენს ქვეყანაში ამ სტიგმატიზებული თემატიკის სასურველ კონტექსტში აქტუალიზაციით. სამწუხაროა, რომ მთავრობაში ასეთი მნიშვნელობის მქონე პირი წამყვან როლს ასრულებს ანტიდასავლური დღის წესრიგის წინ წამოწევის მიმართულებით. ბატონო ვოლსკის ეს და სხვა ინიციატივებც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რომ „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური ძალაა და ჩვენს საზოგადოებას არაფერში გამოადგება.”

გუშინ, 11 თებერვალს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ,  გია ვოლსკიმ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს,  რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ   ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

კონსტიტუციის ზოგადი, ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს, ანუ 76 დეპუტატს, ასევე  არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.  

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით, მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ არანაკლებ 113 დეპუტატი. 

_________________________________________________________________________

მოვლენათა ქრონოლოგია

  • საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
  • 2012 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის 36-ე მუხლის ცვლილებას შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ ქდმ-მ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად მაშინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს ინიციატივა ასევე გახდა ჰომოფობიაზე დისკუსიის საფუძველი.
  • 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციაში შეეტანათ ჩანაწერი, რომ “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” [სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა ქორწინება, რადგანაც “ოჯახი” საერთოდ არ გვხდება კონსტიტუციაში”. მაშინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ.
  • 2016 წლის 27 იანვარს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.
  • 2016 წლის 7 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ტატიშვილისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით. ეკლესიამ განაცხადა, რომ ტატიშვილი არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და რადგანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი “ასეთ კანონთან მიმართებაში” არის საშიშროება, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. შსს სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, გამოუყვეს თუ არა დაცვა გიორგი ტატიშვილს საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე;
  • 2016 წლის 8 თებერვალს ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან საკანონმდებლო ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. მათი აზრით, ინიციატივა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული.
  • 2016 წლის 9 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მზად აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში გადავა ოჯახის ის დეფინიცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი