ახალი ამბები

კოპალიანი: შეძახილმა ხე გაახმოო და შეიძლება მასე მოუვიდეს მაგ ხეებს

11 თებერვალი, 2016 • 2134
კოპალიანი: შეძახილმა ხე გაახმოო და შეიძლება მასე მოუვიდეს მაგ ხეებს

“მართლა იმდენს საუბრობთ, შეძახილმა ხე გაახმოო და შეიძლება მასე მოუვიდეს მაგ ხეებს, თუმცა არც ეს არ იქნება ტრაგედია,”- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლსეობის წევრმა კარლო კოპალიანმა  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა,  სადაც  ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის ყურადღების სისულელეზე გადატანას ცდილობს:

“მართლა იმდენს საუბრობთ, რომ შეძახილმა ხე გაახმოო და შეიძლება მასე მოუვიდეს მაგ ხეებს, თუმცა არც ეს არ იქნება ტრაგედია, იმდენი ხალხი არ უნდა დახოცილიყო 10 წლის მანძილზე, ჩვენი მოქალაქეები მაღაზიის თავებზე არ უნდა შემოგეწყოთ და ხალხი არ უნდა დაგეჭირათ, თუნდაც დეპუტატი ჩემი სახით და არ უნდა გეთრიათ სისხლიან რუსთაველზე, ეს იყო თქვენი სახე, თქვენი მმართველობა. ძალიანაც რომ მოინდომოთ საზოგადოების ყურადღების გადატანა სისულელეებზე, არ გადავა, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვხართ თქვენ და თქვენი ნამოქმედარი,”- აღნიშნა კოპალიანმა.

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი