ახალი ამბები

ხიდაშელი: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს შესაბამისი რეაგირება სჭირდება

10 თებერვალი, 2016 • 1263
ხიდაშელი: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს შესაბამისი რეაგირება სჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველომ შესაძლოა ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეანელოს:

“წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური არის, ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, საკუთარი დაპირებები შესრულოს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, თუკი  ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება და  ამ პროპაგანდას ხელს შეუწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება, შესაძლებელია რუსული ნარატივი საქართველოში გაიზარდოს. თავისთავად ის ფაქტი, რომ დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ფაქტი, რომ ჩვენი თაობის სიცოცხლეში, და არა ისტორიის წიგნებში, იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას,”- აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

მისივე მოსაზრებით, მთავარი ამოცანაა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსულმა ნარატივმა წარმატებას ვერ მიაღწიოს:

“ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება.  ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში – “,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“საქართველოს საზოგადოებასა და ელიტებში იმედგაცრუების ზრდა დასავლური ინტეგრაციის შენელებული ფაზის გამო და მზარდი ეფექტური რუსული პროპაგანდა ზრდის პერსპექტივას, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს, ან შეწყვიტოს ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც სენატშია წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი