ახალი ამბები

მედიის მაკონტროლებელი როლი საქართველოში: პროექტის შედეგები

14 მარტი, 2011 • 1928
მედიის მაკონტროლებელი როლი საქართველოში: პროექტის შედეგები

­

მრგვალი მაგიდა, 2010 წლის სექტემბერი
მრგვალი მაგიდა, 2010 წლის სექტემბერი

2009 წლის სექტემბრიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებდა პროექტს „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“.  პროექტის დასრულებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხარისხიან, დამოუკიდებელ და პროფესიულ ინფორმაციაზე, თებერვლის ბოლოს დასკვნითი კონფერენცია მიეძღვნა.

პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც ტრენინგებს, მრგვალ მაგიდებსა და კონფერენციებს, ასევე ისეთ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქართული მედიის დამოუკიდებლობის და პლურალიზმის მხარდაჭერას. სწორედ ამ  მიზნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზაზე დაფუძნდა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, ჩატარდა ქართული მედიასივრცის კვლევა, გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა საგრანტო კონკურსის გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში  და ბრენტ ჰიუსტონის წიგნის  „გამომძიებელ ჟურნალისტთა სახელმძღვანელო“ ქართულად თარგმნა და გამოცემა (The Investigative Reporter’s Handbook: A Guide to Documents, Databases, and Techniques. Brant Houston).

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების მხარდამჭერი ინსტიტუციური ორგანოს დაფუძნება. სწორედ ამიტომ 2009 წლის ნოემბერში საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის (საია) ბაზაზე შეიქმნა „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“. ცენტრი ფუნქციონირებს როგორც ორგანიზაციის   სათაო ოფისში, ასევე ყველა რეგიონულ წარმომადგენლობებში. საიას იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, მედიის წარმომადგენლებისათვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის აღმოჩენაა.

„შეზღუდვა არ გვქონია, რა საკითხზე გავუწევდით კონსულტაციას და დახმარებას“, – ამბობს თამარ კორძაია, შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების მიღება შეეძლო მედიის სფეროში დასაქმებულ ნებისმიერ პირს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – დამსაქმებელთან ურთიერთობა თუ პროფესიული საქმიანობისას  წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები. თამარ კორძაიას თქმით, ყველაზე დიდი დახმარება ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას სჭირდებათ, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია– შრომითი ურთიერთობები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ზიანის ანაზღაურების საკითხები და ა.შ.

დაარსების დღიდან ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ  სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ჟურნალისტისთვის  გაწეულმა კონსულტაციების რაოდენობამ 700 –ს გადააჭარბა. ცენტრმა სასამართლოში 35–მდე სარჩელი შეიტანა. აქედან რამდენიმე  საქმე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილ პრობლემებს ეხება.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი  ევროსასამართლოს მიმართავს ისეთ შემთხვევებში, როდესაც სარჩელის მოთხოვნებს ქართული სასამართლო არ აკმაყოფილებს.

ცენტრი სტრასბურგისთვის ამზადებს   გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტების საქმეს.  სტატიაზე მუშაობისას „ბათუმელების“ ჟურნალისტები ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელი სარფის  საბაჟოს თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.  ჟურნალისტებმა აღნიშნული ფაქტი ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლოს ყველა ინსტანციაში საქმე წააგეს.

ევროსასამართლოში უკვე შეტანილია გაზეთ ”რეზონანსის” საქმე. გაზეთმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ მემორანდუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ენგურჰესი  სამართავად რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაო ეეს”-ს გადაეცა. სახელმწიფო უწყებამ გარიგების დეტალები მედიასაშუალებას „კომერციული საიდუმლოს“ მოტივით არ გააცნო. მედიის  სამართლებრივი დაცვის ცენტრის საჩივარი ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის დასრულების მიუხედავად, ქართული მედიის სამართლებრივი ცენტრი მუშაობას შეუფერხებლად, IREX-ის G-Media პროგრამის ფარგლებში აგრძელებს.  ცენტრის სამართლებრივი მომსახურებით აქტიურად სარგებლობს სტუდია „მონიტორი“, რომელიც  ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს.  „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშილი ამბობს, რომ მათ ხშირად უწევთ სასამართლოებში სირბილი, საჩივრების შეტანა, იურისტის დახმარება, და ამ ყველაფერში მათ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმარება.

„ამას ჩვენი ხარჯებით ვერ შევძლებდით. სამართლებრივ ცენტრს კონსულტაციებისთვისაც ვიყენებთ და ინფორმაციის წყაროდაც. ხშირად ვაკეთებთ ფილმებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზეც,“ – ამბობს ნინო ზურიაშვილი.  მისი თქმით, ჟურნალისტებს  ყველაზე დიდი პრობლემა  საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ექმნებათ. „თითო ფურცელ საჯარო ინფორმაციაზე კვირაობით გვიწევს ლოდინი და სასამართლოშიც ყველა ინსტანცია რომ მოიარო, 2 წელიწადი დაგჭირდება.  ეს  კი ინფორმაციას აზრს უკარგავს,“-აცხადებს ჟურნალისტი.

 

საგრანტო კონკურსი : რამდენიმე მაგალითი

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება 14 –მა ორგანიზაციამ მოიპოვა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კონკურსის თემატიკა არ იყო შეზღუდული და განაცხადის მიღება შეეძლოთ როგორც მედიასაშუალებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

2009 წელს  სტუდია ”მონიტორმა” ევროკავშირისგან მიიღო გრანტი, რომლის ფარგლებშიც  24 საგამოძიებო ჟურნალისტური სტატია და 24 ფილმი უნდა მოემზადებინა. პროექტის, „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“ ფარგლებში თანადაფინანსება სტუდია „მონიტორმა“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგანაც მიიღო. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც  ერთი წლის მანძილზე განვახორციელეთ. ამ პროექტის თავისებურება და უპირატესობა ის იყო, რომ ჩვენ საქართველოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან ვცადეთ ურთიერთობის დამყარება,“-ამბობს „მონიტორის“ ჟურნალსიტი ნინო ზურიაშვილი.  ჟურნალისტები პროექტის ფარგლებში მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს რეგიონულ მედიასაშუალებებში აქვეყნებდნენ.   ზურიაშილის თქმით, ეს იყო საქართველოში  საგამოძიებო ჟურნალისტური ქსელის შექმნის პირველი მცდელობა, რომელმაც აჩვენა, რომ რეგიონებშიც არიან ჟურნალისტები, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტული გამოძიების ჩატარების სურვილი და უნარი.

სტუდია “მონიტორის“ ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებას რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. „მონიტორმა“ გამოააშკარავა სქემა, რომლის მიხედვითაც,  სხვადასხვა პირები უკანონოდ სძალავდნენ ფულს ავტოსადგომის მეთვალყურეებს, ე.წ. სტაიანშიკებს. რეკეტიორები მათ გამომუშავებული თანხის 80%-ს ყოველდღიურად ართმევდნენ. „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების მომზადების შემდგე გამომძალველები სამართალდამცავებმა დააკავეს.

ნინო ზურიაშვილი იხსენებს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტური გამოძიება ნაციონალური ტელემაუწყებლების შესახებ. ფილმში ნაჩვენები იყო, რომ ცენტრალური ტელეარხები ეთერში რეკლამის გასათავსებლად გაცილებით მეტ დროს იყენებდნენ, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. „მონიტორის“ გამოძიებისა და საჩივრის შემდეგ ტელეკომპანიები კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააფრთხილა.

„მონიტორის“ გარდა, პროექტის ფარგლებში ჟურნალისტური გამოძიებების განსახორციელებლად გრანტი მიიღო აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“. ორგანიზაციამ სპეციალურად პროექტისთვის ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეკრიბა, მუშაობა კი 2010 წლის მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში,  ორგანიზაციის განცხადებით, 24 საგამოძიებო ჟურნალისტური სტატია და ერთი ფილმი მომზადდა. „აჭარაში შევქმენით ახალი პროდუქტი. პროექტი საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადებას ითვალისწინებდა. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ახალი ამბებიც მოგვემზადებინა და ამან გაამართლა. გვქონდა გამოხმაურებები, თან ძალიან კრიტიკულიც,“-ამბობს პროექტის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან საქართველოს ტყეებში არსებულ ვითარებაზე და ტყის ჭრების შედეგების შესახებ სტატიების სერიის გამოქვეყნებაზე დაფინანსება მიიღო ყოველდღიურმა გაზეთმა „რეზონანსმა“.

„რეზონანსის“ ერთ-ერთი რედაქტორი მალხაზ გაგუა ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიღრმისეული სტატიები და გამოძიებები ქართულ მედიაში ნაკლებად კეთდება, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას სჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსები, რაც დამოუკიდებელ ქართულ მედიას არ გააჩნია.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია : სტრატეგიული განვითარება

ტრენინიგი GARB-ის ოპერატორებისათვის, რომელიც CIRCOM Regional-ის ტრენერმა კეროლ ჩომამ ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში
ტრენინიგი GARB-ის ოპერატორებისათვის, რომელიც CIRCOM Regional-ის ტრენერმა კეროლ ჩომამ ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში

პროექტის, „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება. პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დაკავშირება ევროპულ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან CIRCOM Regional, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას ჩაუტარეს ტრენინგები ორგანიზაციული განვითარების მიზნით.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, ჩატარდა  ასოციაციის საჭიროებების ორი შეფასება, ასევე ასოციაციის საჭიროებების შიდა კვლევა, რომლის მიხედვით, ასოციაციაში კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრის დახმარებით (CTC) შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც ასოციაციას სამომავლო განვითარებაში დაეხმარება. მუშაობა უკვე დასრულებულია  ასოციაციის ვებგევრდის შექმნაზე.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები სასწავლო ტურით იმყოფებოდნენ ხორვატიაში, სადაც ისინი ხორვატიის დედაქალაქში და რეგიონებში მომუშავე როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტელეკომპანიებს ესტუმრნენ და მათ გამოცდილებას გაეცნენ. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ პროექტი დასრულდა,  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში პროექტის ფარგლებში დაწყებული საქმეებზე მუშაობა გრძელდება.

ტრენინიგი GARB-ის ოპერატორებისათვის, რომელიც CIRCOM Regional-ის ტრენერმა კეროლ ჩომამ ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში
ტრენინიგი GARB-ის ოპერატორებისათვის, რომელიც CIRCOM Regional-ის ტრენერმა კეროლ ჩომამ ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში

სამომავლო გეგმები

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მედიის პროგრამის მენეჯერი თამარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი დასრულდა, ფონდი კვალავაც გააგრძელებს მუშაობას ქართული მედიის მხარდასაჭერად. მომავალში ფონდი გეგმავს, საქართველოში მოიწვოს ქართულად ნათარგმნი „გამომძიებელი ჟურნალისტების სახელმძღვანელოს“ ავტორი ბრენტ ჰიუსტონი. წიგნის ავტორი ტრენინგს ჩაუტარებს უნივერსიტეტის ლექტორებს, რომლებიც „გამომძიებელი ჟურნალისტების სახელმძღვანელოს“  სასწავლო კურსის შემუშავებისას გამოიყენებენ.

ამასთანავე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ჩაატარებს ქართული მედიასივრცის რიგით მეორე კვლევას, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ქართული მედიის მიმართ, რას, რატომ და რა სიხშირით უყურებენ/კითხულობენ, რა მოსწონთ და რა– არა და რატომ.  კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება ანგარიშში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჟურნალისტებისათვის, ასევე მედიის სივრცის მკვლევარებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ფონდი ასევე აქტიურად იქნება ჩართული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ აქტივობებში და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ალტერნატიული გეგმის შემუშავებაში, რათა ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით განხორციელდეს, იმ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი