ახალი ამბები

საქართველო უცხოურ მედიაში

14 მარტი, 2011 • 1261
საქართველო უცხოურ მედიაში

უცხოურ პრესაში აქტუალური იყო გასულ კვირას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოსკოვში ვიზიტი და შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხებოდა. ამერიკული “ნიუ იორკ თაიმსი” სტატიაში:-“ბაიდენის გულწრფელი საუბარი მოსკოვში” ყურადღებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პრესპექტივებზე ამახვილებს. გამოცემის თანახმად ბაიდენმა მოსკოვში  ორ მოკლევადიან პერსპექტივაზე  ისაუბრა. ესენია: რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ჯექსონ-ვენიკის შესწორების ანუ იმ სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1974 წელს შემოიღეს. სტატიის ავტორი ელენ ბარი ორივე პერსპექტივასთან დაკავშირებით წერს, რომ არც ერთი არ არის ჯერ გარანტირებული და იქვე დასძენს, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ჯექსონ-ვენიკის საკითხზე კენჭისყრა შეიძლება რუსეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევისთვის გამოიყენონ.  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის კი მოსკოვმა საქართველოს თანხმობა უნდა მოიპოვოს, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი უკვე არის და სხვების გაწევრიანებაზე ვეტოს უფლების გამოყენება შეუძლია.   სტატიაში რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატის სერგეი მარკოვის განცხადებაცაა მოყვანილი, რომლის თანახმად  მოსკოვში არსებობდა იმის მოლოდინი, რომ ვაშინგტონი საქართველოს პოზიციას უკარნახებდა.

აზერბაიჯანული “ტრენდიც” ეხმიანება ამ საკითხს სტატიაში: “რუსეთი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია-გონიერი კომპრომისი საქართველოსთან შესაძლებელია”. სტატიის თანახმად,  რუსეთის გაწევრიანება მსო-ში მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთისთვის და მოსკოვს იმედი აქვს, რომ ეს ქვეყნები გავლენას იქონიებენ საქართველოს პოზიციებზე. სტატიის ავტორი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთვის პოზიციების დათმობის საკითხში  ვაშინგტონიდან მომდინარე სიგნალებზეც საუბრობს, რაც მოსკოვის ლიბიასთან დაკავშირებულ პოზიციებს უკავშირდება. აღნიშნული ვერსია ეფუძნება კრემლის წყაროს ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია რუსულ “კომერსანტში” და სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროში დასავლეთის მიერ ლიბიის წინააღმდეგ ინიცირებულ სანქციებს, არამედ ასევე გააკრიტიკა ლიბიის ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ძალის გამოყენება.
რაც შეეხება ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს, გამოცემას კონსესუსის მისაღწევად იდეალურ გამოსავლად საქართველოსთვის რუსეთის ემბარგოს მოხსნა მიაჩნია, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ასეთ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს,  მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემა დასავლეთმა უნდა მოაგვაროს და არა თავად რუსეთმა.

სტატიის თანახმად რუსეთს მსო-ში გასაწევრიანებლად უკიდურეს შემთხვევაში კიდევ ერთი გამოსავალი აქვს. მოსკოვს შეუძლია მოითხოვოს მისი გაწევრიანება მოხდეს არა წევრ ქვეყანათა კონსესუსის  შესაბამისად, არამედ ხმათა უმრავლესობით, რაც მსო-ს წესდებით არ არის გამორიცხული, თუმცა პრაქტიკაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს ორგანიზაციის წევრთა დარწმუნება ახალი პრეცენტენტის შექმნაში, თუმცა ამ შემთხვევაში სტატიის ავტორი რუსეთის გაწევრიანების პროცესის დროში გაწელვაზე მიუთითებს.

ამერიკის ხმის” რუსული ბიურო 10 მარტს ქ. ბერნში მსო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ გამართულ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია ბოლო წინაღობაა რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით გამოცემა დასძენს, რომ ერთადერთი შედეგი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ იყო ის, რომ მომდევნო შეხვედრა აპრილში უნდა გაიმართოს. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი კახა გოგლაშვილი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკების განახლება ამერიკის გავლენით მოხდა. მისი თქმით, საქართველო დათანხმდა ასევე კომპრომისული ვარიანტების განხილვას და ამერიკის გავლენა ამ საკითხშიც განხორციელდა. ექპერტის მოსაზრებით, მიუხედავად რუსეთის მოლოდინებისა, სავარაუდოდ მომავალში ამერიკა საქართველოზე ამ საკითხში ზეწოლას არ განახორციელებს, რამდენადაც ეს უკვე უსამართლობა იქნება.

გასული კვირის კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს ეხება ამერიკული “ნიუ იორკ თაიმსი” სტატიაში:” ტრამპმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობას მოაწერა ხელი”. სტატიაში ტრამპის ინვესტიციებზე ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის განსხვავებული ვერსიაა წარმოდგენილი. გამოცემის თანახმად ცათამბჯენებს უშუალოდ ტრამპი, მსოფლიოში პირველი ვირტუალური დეველოპერი არ ააშენებს. კარიერის ამ ეტაპზე ის დიდწილად საკუთარი სახელის გამოყენებაზე ლიცენზიას სხვების ნაგებობებზე გასცემს და დეველოპერულ საქმიანობას თავად არ ეწევა. საქართველოში ტრამპი ლიცენზიას გასცემს მისი სახელის გამოყენებაზე, ხოლო მისი კომპანია უძრავი ქონების ორი ობიექტის მართვას განახორციელებს. ის ასევე იმუშავებს Silk Road-თან პროექტების დაფინანსებისა და ცათამბჯენების ბაზარზე წარდგენის პროცესში. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას. „იმას, გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, მოგვიანებით გადავწყვეტთ“ – სთქვა მან. “ნიუ–იორკ თაიმსის” სტატიის თანახმად მშენებლობა სავარაუდოდ 2013 წლისთვის იგეგმება და ნებისმიერი რეალური მშენებლობა, თუკი ის დაიწყება, Silk Road Group-ის მმართველი თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის მეთვალყურეობით განხორციელდება. გარიგება რომლის მოცულობასაც პარტნიორები 300 მილიონ დოლარად აფასებენ, ორ პროექტს მოიცავს. ესენია ცათამბჯენი Trump Tower თბილისი, რომელიც აიგება „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე თბილისის დედაქალაქში და ცათამბჯენი Trump Riviera, რომელიც   Silk Road-ის დაგეგმილი კომპლექსის ნაწილია ქალაქ ბათუმში.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ სააკაშვილი ვარსკვლავური უცხოური ინვესტორების მოზიდვას ცდილობს, რათა აჩვენოს რომ საქართველო კვლავ გახსნილია ბიზნესისთვის გლობალური რეცესიისა და რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც ძალიან შეამცირა ეკონომიკის მამოძრავებელი პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი.

მასალების გადაბეჭდვის წესი