ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

10 თებერვალი, 2016 • 1424
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შეაჩერეს ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირება, ვინაიდან ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა ბაია გადაბაძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოთხოვნას, რომ დავის გადაწყვეტამდე არ მოხდეს მაესტროს დირექტორის თანამდებობიდან გადაბაძის გათავისუფლება და გაჩეჩილაძის დანიშვნა.

რეესტრის განცხადებას უცვლელად გთხვაზობთ:

“2016 წლის 9 თებერვალს, 15 საათსა და 32 წუთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის განცხადება, რომლითაც მოქალაქემ მოითხოვა, რომ მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს. განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით ე. გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს „სტუდია მაესტროს“ 2016წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან ე.გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლ.გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

ლევან გაჩეჩილაძის მიერ 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის, 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე”

მასალების გადაბეჭდვის წესი