ახალი ამბები

კიდევ ერთი აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე

14 მარტი, 2011 • • 2043
კიდევ ერთი აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მორიგი აფეთქება მოხდა. ჰიდროგენის აფეთქებამ მთლიანად დაანგრია ფუკუშიმას მესამე რეაქტორის შენობა, თავად ბირთვული რეაქტორი ლითონის გარსი ჯერ არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა, ატმოსფეროში უკვე გაიფანტა ბირთვული ღრუბელი. აფეთქებისას დაშავდა სისტემის გაგრილებაზე მომუშავე 6 ადამიანი.  ინფორმაცია ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ  დაუყოვნებლივ ქვეყნდება საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს(IAEA) მიერ ფეისბუქზე სპეციალურად შექმნილ გვერდზე.

IAEA-ს ინფორმაციით, ამჟამად ფუკუშიმას აეს-ის პირველ რეაქტორზე, რომლის შენობაც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა, სპეციალისტებმა მოახერხეს გამაგრილებელი სისტემის აღდგენა. რეაქტორის გარშემო კი ტემპერატურა ნელ-ნელა იკლებს. სპეციალისტები 24– საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სხვა რეაქტორებზეც შეძლონ გამაგრილებელი სისტემის აღდგენა, რომელიც 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დაზიანდა.

სპეციალისტებს ჯერ არა აქვთ ინფორმაცია, რა მასშტაბის ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს უკვე გამოფრქვეული ბირთვული მასალების შედეგად, თუმცა საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რეაქტორების გარშემო რადიაცია დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება.

აეს-ის 20 კილომეტრის რადიუსიდან უკვე ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი, 22 მათგანს კი უკვე დაუდგინეს რადიაციული დასხივება.

კატასტროფის შემდეგ იაპონიაში ჰუმანიტარული კრიზისია.  დაკარგულად მიიჩნევა ათიათასობით ადამიანი, რამდენიმე ქალაქი კი მოვარდნილმა ცუნამმა მთლიანად წალეკა. დაზიანებული გზებისა და საკომუნიკაციო ქსელების გამო ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა კი გართულებულია.

დაზარალებული ქვეყნის დახმარება უკვე მსოფლიოს 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადაწყვიტა. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებთანაც იაპონიას არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს, მაგალითად, ჩინეთი.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილ ყველაზე რთულ სიტუაციას უმკლავდება.

ამავე თემაზე:

Live იაპონიიდან(Sky News-ის პირდაპირი მაუწყებლობა)

იაპონიის მთებში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონია ბირთვული კატასტოფის მოლოდინში

უახლესი ცნობები იაპონიის ბირთვული საფრხთის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი