ახალი ამბები

შსს: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ თვალთვალთან საერთო არაფერი აქვს

10 თებერვალი, 2016 • 1197
შსს: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ თვალთვალთან საერთო არაფერი აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკონტაქტო პატრულირებას არაფერი აქვს საერთო “ფარულ თვალთვალთან” და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას ისახავს მიზნად.

10 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას – ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას.

საუბარია “პოლიციის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტზე, რომელიც პარლამენტში 2015 წლის დეკემბერში შევიდა.

კანონპროექტი პოლიციას უფლებას ანიჭებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავტომატური ფოტო/ვიდეოტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან. სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ამჟამად არსებული კანონის მიხედვით, ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. ამიტომ სამინისტროს მიაჩნია, რომ შენიშვნები პატრულირების ადგილას საინფორმაციო ნიშნების განთავსებაზე, მოხსნილი უნდა იყოს.

შსს აცხადებს, რომ უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირების მიმართ, არამედ – საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე.

“უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება – ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეოჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია”, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ცნობით, უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს – მაშინაც, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

სამინისტროს განმარტებით, უკონტაქტო პატრულირების საჭიროება უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20 %-ით გაზრდამ და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმა განაპურობა.

შსს-ს მიაჩნია, რომ მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. ფარულ თვალთვალს იწყებს, რითიც შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი