ახალი ამბები

ჰილარი კლინტონის თანაშემწე პენტაგონის გაკრიტიკების შემდეგ გადადგა

13 მარტი, 2011 • • 1153
ჰილარი კლინტონის თანაშემწე პენტაგონის გაკრიტიკების შემდეგ გადადგა

ბრედლი მენინგი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშშემწე ფილიპ კროული გადადგა.  კროულის გადაგომას  წინ უძღოდა გასულ კვირას ერთ-ერთ ონლაინ კონფერენციაზე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიმართ ვიკილიქსთან დაკავშირებული საკითხის გამო მის მიერვე გაკეთებული კრიტიკული განცხადება.

„რასაც ბრედლი მენინგს უკეთებენ, კონტრპროდუქტიული, სასაცილო და სულელური ნაბიჯია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან“,-თქვა გასულ კვირას ფილიპ კროულმა. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. ონლაინ კონფერენციის მონაწილეებმა მას ვიკილიქსისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის გამო დაკავბეული ამერიკელი სამხედროს, ბრედლი მენინგის შესახებ ჰკითხეს. მენინგი აშშ-ს სამხედრო ძალების ანალიტიკოსი იყო. ის 2010 წლის ივლისში დააკავეს და დღემდე ვირჯინიის სამხედრო ციხეში კვირაში 7 დღე, დღეში კი  23 საათი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გარდიანის ინფორმაციით, ბრედლი მენინგმა  რამდენიმე დღის წინ 11– გვერდიანი წერილი გამოგზავნა, სადაც ის ციხის მცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ ქმედებებს აღწერს.

წერილში წერია, რომ დაკავებულ სამხედროს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით 24 საათის მანძილზე 5 წუთში ერთხელ ამოწმებენ და საკნიდან დღეში მხოლოდ ერთი საათით გაჰყავთ.

ბრედლი მენინგი ციხიდან წერს, რომ  ბოლო დღეებში მას განსაკუთრებით ცუდად ექცევიან, ყოველდღე აშიშვლებენ და სხეულს დეტალურად უმოწმებენ.

„მცველმა გამაშიშვლა და მიბრძანა, რომ სამხედრო წესით დავმდგარიყავი-ფეხები განზე გამეწია, ხელები კი ზურგს უკან წამეღო.  მე ასე დაახლოებით 3 წუთი ვიდექი.  ციხის მცველები კი მიდი-მოდიოდნენ და რიგრიგობით იხედებოდნენ ჩემს საკანში, მერე კი შემოვლას აგრძელებდნენ. ძალიან მრცხვენოდა, რომ ამდენი ხალხი შიშველს მიყურებდა,“-წერს ბრედლი მენინგი ციხიდან.

პატიმრის მიმართ ცუდ მოპყრობაზე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები რამდენიმე თვეა საუბრობენ. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ გაავრცელა  პენტაგონის წარმომადგენლის, ჯეოფ მორელის (Geoff Morell) განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ დაკავებული სამხედრო სხვა პატიმრების მსგავს პირობებში ცხოვრობს და  დღეში სამჯერ იკვებება, აქვს დარეკვის, წერილების გაგზავნის საშუალება, ასევე მნახველების მიღების უფლება. პენტაგონის ინფორმაციითვე, მას ხელი მიუწვდება ექიმის სრულყოფილ მომსახურებაზეც.

გაეროს წარმომადგენელმა  ხუან მენდესმა კი თებერვლის დასაწყისში განაცხადა,  რომ 7 თვის მანძილზე პატიმრის მოთავსება იზოლირებულ საკანში სასამართლო მოსმენის გამართვამდე, შესაძლოა, წამებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ ფორმად იქნეს მიჩნეული.

ბრედლი მენინგი 2010 წლის ივლისამდე აშშ-ს ჯარში ანალიტიკოსად მუშაობდა და  ხელი მიუწვდებოდა აშშ-ს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სისტემაზე. აშშ-ს ხელისუფლების ბრალდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურემ ვიკილიქსს ათასობით საიდუმლო დოკუმენტი უკანონოდ მიაწოდა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, მენინგი სიკვდილითაც კი დასაჯონ.

ამავე თემაზე:

ვიკილიქსის ინფორმატორს აშშში მაისში გაასამართლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი