ახალი ამბებისამართალი

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნების შესაჩერებლად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს

9 თებერვალი, 2016 • 1259
კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნების შესაჩერებლად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოსამართლეთა დანიშვნის პროცესესის შეჩერებას ითხოვს.

კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია, კანონმდებლობა მოსამართლეთა დასანიშნად კონსტიტუციური გახდეს, მანამდე კი დანიშვნები შეჩერდეს.

“ვიწყებთ კამპანიას იმისათვის, რომ დაუყვნებლივ შეჩრდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები იუსტიციის საბჭოში მანამ, სანამ არ იქნება შეცვლილი კანონი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ამისათვის ვიწყებთ ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ კამპანიას, იქნება ელექტრონული პეტიცია, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი მოქალაქე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი საჩივარი იმ ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დღეს ინიშნებიან მოსამართლეები და ვითხოვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რაც შეიძლება მალე შეაჩეროს ამ ნორმების მოქმედება მანამ, სანამ კანონმდებლობა არ იქნება შეცვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ არსებული პროცედურა, რის საფუძველზეც ინიშნებიან მოსამართლეები, არის არაგაჭვირვალე, უსამართლო და არაკონსტიტუციური,”-ამბობს ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბრისას.

კოალიციაში შემავალი არასამთავრობოები უკვე დიდი ხანია მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, პრობლემაა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და კანიდატებმა, რომელთაც უარი ეთქვათ, არ იციან, თუ რატომ უთხრეს უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი