ახალი ამბებისაზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში უსინათლო პირებს პერსონალური ასისტენტები მოემსახურებიან

9 თებერვალი, 2016 • 1252
საჯარო დაწესებულებებში უსინათლო პირებს პერსონალური ასისტენტები მოემსახურებიან

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში 50-დან 80-მდე ტოტალური უსინათლო პირი ისარგლებლებს. პროექტი „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა/ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურება“, თბილისის მერიამ 14 850 ლარით დააფინანსა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული შშმ პირისთვის იქმნებოდეს თანაბარი გარემო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობას, არამედ შესაბამისი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა კატეგორიის შშმ პირის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ეს პროგრამა შარშან დაიწყო, წელს უფრო გაფართოვდა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა.

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 290 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით მთელი წლის განმავლობაში შშმ პირთა სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი