ახალი ამბები

იაპონია ბირთვული კატასტოფის მოლოდინში

13 მარტი, 2011 • • 2193
იაპონია ბირთვული კატასტოფის მოლოდინში

სპეციალისტები ფუკიშიმა 1-ის ატომურ ელექტროსადგურზე მორიგ აფეთქებას ელიან. სიტუაციაზე კონტროლი თანდათან იკარგება. ამის შესახებ პრესას იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელმა იოკიო ედანომ აცნობა. ევაკუირებულია 200 ათასამდე ადამიანი, რადიაციული დასხივება კი 20-ზე მეტმა მიიღო. სეისმოლოგები კი უახლოეს დღეებში განმეორებით მიწისძვრას პროგნოზირებენ, რომლის გარემოზე ზემოქმედების სიმძლავრე 7 და მეტი ბალი იქნება.

პირველი აფეთქება ატომურ ელექტროსადგურ  ფუკიშიმა 1-ზე გუშინ მოხდა. სპეციალისტები მიწისძვრის შედეგად დაზიანებული პირველი რეაქტორის გაგრილებას ზღვის წყლით ცდილობდნენ. ბუნებრივმა კატასტროფამ ამ რეაქტორის გამაგრილებელი სისტემა მთლიანად მოშალა, ქიმიური რეაქციების შედეგად კი ტემპერატურამ საგანგაშო ზვღარს გადააჭარბა.  გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო, შენობაში ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც პირველი რეაქტორის შენობის აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, არ დაზიანებულა თავად რეაქტორი. შემთხვევის შედეგად 4 მუშა დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

იოკიო ედანოს მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მწყობრიდან გამოვიდა ფუკიშიმა 1-ის მესამე რეაქტორის გამაგრილებელი სისტემა. სპეციალისტები გუშინდელივით მის გაგრილებას ცდილობენ, მაგრამ შენობის შიგნით ტემპერატურა სულ უფრო იწევს. სპეციალისტები უახლოეს საათებში მესამე რეაქტორის შენობის აფეთქებას ვარაუდობენ.

ატომურ ელექტროსადგურ „ფუკიშიმა 1“ და „ფუკიშიმა 2-ის“ 20 კილომეტრის რადიუსში, „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, 170 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.  კატასტროფის ზონიდან გამოყვანილ ხალხს ამოწმებენ, მიიღეს თუ არა მათ რადიაციული დასხივება. არაბული ტელეარხის ცნობით,  22–მა ადამიანმა მიიღო დასხივება.  სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მათი მკურნალობა, რადგან ამ ადამიანთა დაავადების მაღალი რისკი არსებობს.

CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადამიანთა ჯგუფმა დასხივება იმ დროს მიიღო, როცა ისინი ფუკიშიმას სკოლის სახურავზე სამაშველო ვერტმფრენს ელოდებოდნენ. ფუკიშიმადან მოსახლეობის ნაწილი ავტობუსებით, ნაწილი კი ვერტმფრენებით გადაიყვანეს. მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მაშველთა მოსვლამდე არ გავიდნენ გარეთ, არ გააღონ ფანჯრები და არ ჩართონ კონდინციონერი.

იმ შემთხვევაში, თუ ატომურ ელექტროსადგურში თავად რეაქტორის ლითონის გარსი დაზიანდა, ატმოსფეროში დიდ რაოდენობით ურანი და სხვა ბირთვული ნივთიერებები ამოიფრქვევა, რაც იაპონიისთვის მორიგი მასშტაბური ატომური კატასტროფა იქნება 1945 წლის შემდეგ. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-მ იაპონიის ორ ქალაქში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდო, რა დროსაც 200 ათასი ადამიანი აფეთქებისას მომენტალურად დაიღუპა, კიდევ ათიათასობით ადამიანი კი სხვადასხვა სასიკვდილო ავადმყოფობით დაავადდა.

უახლესი ინფორმაციით, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიაში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაკარგულად მიიჩნევა.  მხოლოდ ერთ ქალაქში-სანდაიში 9500 ცხედარი იპოვეს.

იაპონიაში 11 მარტს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ და შემდეგ ცუნამმა იაპონიის 5 ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანა, რამდენიმე ქალაქი კი მოვარდნილმა ტალღებმა მთლიანად წალეკეს.

სპეციალისტებმა უკვე დააზუსტეს,  რომ მიწისძვრის სიმძლავრე არა 8.9, არამედ ზუსტად 9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.  იაპონელი მეტეოროლოგების პროგნოზით, არსებობს 70%-იანი ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდება. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს, მათ შორის როიტერსი, ალ ჯაზირა, CNN და BBC. აშშ-ს ე.წ. მიწისძვრათა ცენტრის მონაცემებით კი, ბოლო ერთი საათის განმავლობაში იაპონიაში ორი, 5-5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელთა ეპიცენტრი ფუკუშიმას აეს-ებიდან 185 და 290 კმ-ით იყო დაშორებული. 11 მარტის 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემედეგ იაპონიაში სულ 200-ზე მეტი “ავთერშოკი” იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი