ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

9 თებერვალი, 2016 • 1311
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

“ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედიაგარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.

პრემიერმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უწყვეტი დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და გადაწყვეტილი აქვს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.

„ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი ერთობლივი წამოწყებების წარმატების უმთავრესი წინაპირობებია. საქართველო დღესაც დგას გამოწვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული შედეგების წინაშე, რომლებიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ მოიტანა.

ამ მხრივ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, არაღიარების პოლიტიკის, ნდობის გაღვივებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტიური შუამდგომლობის გზით.

„ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ამბიციას, საქართველო რეგიონში ევროინტეგრაციის წარმატების მაგალითად ვაქციოთ. ამ მხრივ, ჩვენ ვიზიარებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, როგორც ჩვენი ხედვის ხორცშესხმის კონკრეტული პოლიტიკისადმი, ერთგულებას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობაზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ის კიდევ უფრო ღრმავდება.

დონალდ ტუსკის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროცესში.

დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან და ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

დონალდ ტუსკმა საქართველოს ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი