ახალი ამბები

მთავრობა მზადაა, ირანთან უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან ამოქმედდეს

9 თებერვალი, 2016 • 997
მთავრობა მზადაა, ირანთან უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან ამოქმედდეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობა მზადაა, რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედოს.

სამინისტროს ცნობით, 8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის ელჩ აბას თალები ფარს ოფიციალური შეტყობინება გადასცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ ამოქმედდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“.

სამინისტროს ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინარულ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ორმოცდახუთ დღემდე   ვიზის გარეშე ყოფნის უფლებით.

ირანის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ნოტა.

უვიზო რეჟიმის მოქმედება საქართველოს გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 ივლისიდან დროებითაა შეჩერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი