ახალი ამბები

სესიაშვილი: ფარული პატრულირება ქვეყანაში მოძრაობას მოაწესრიგებს

9 თებერვალი, 2016 • 1422
სესიაშვილი: ფარული პატრულირება ქვეყანაში მოძრაობას მოაწესრიგებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფარული პატრულირება ევროპაში გავრცელებული მექანიზმია:

“ფარული პატრულირება ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არის უკონტაქტო პატრული. მე პირადად გერმანიაში მქონდა შემთხვევა, როცა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პატრულს გავუჩერებივარ საგზაო წესების დარღვევის გამო. ეს არ არის სიახლე, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ფაქტია, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. სამწუხაროდ, დაახლოებით 700 ადამიანია გარდაცვლილი წლის განმავლობაში. ”

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფარული პატრულირება ქვეყანაში მოძრაობას მოაწესრიგებს:

“ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს სტანდარდები დავნერგოთ და, მეორე მხრივ, მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია. სადაც პატრული არ ჩანს, სადაც მძღოლმა იცის, რომ კამერა არ არის, მეტ-ნაკლებად მეტი დარღვევაა. როცა მძღოლებს ეცოდინებათ, რომ შეიძლება არც კამერა ჩანდეს და არც პატრული, მაგრამ არსებობდნენ პოლიციის თანამშრომლები არამარკირებული მანქანით, დარწმუნებული ვარ, სიფრთხილეს გამოიჩენენ მას შემდეგ, რაც ერთხელ მოხდება მათი დაჯარიმება. უკანონობა არ ხდება, ყველაფერი ასახული იქნება ფოტო-ვიდეომასალაზე. თუ მოქალაქეს არ უნდა, რომ საგზაო წესები დაარღვიოს, ყველაზე კარგი გამოსავალი ეს არის და მისთვის ეს უკეთსიც არის, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი ქვეყანაში საგზაო მოძრაობას მოაწესრიგებს.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ფარული პატრულირების შემოღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებას.

წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

მოქმედი კანონის თანახმად კი,  დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი