ახალი ამბები

დუმბაძე: ლევილის მამულის დაბრუნება დამატებითი სულიერი ინსპირაცია იქნება ხალხისთვის

9 თებერვალი, 2016 • 1284
დუმბაძე: ლევილის მამულის დაბრუნება დამატებითი სულიერი ინსპირაცია იქნება ხალხისთვის

“წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელსაც დროებით დაკარგული ტერიტორიები გააჩნია, ევროპის შუაგულში იბრუნებს 5 ათას კვადრატულ მეტრს, ამას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ჩვენი ხალხისთვის, მე მგონი, დამატებითი სულიერი ინსპირაცია იქნება,”- ეს განცხადება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ  პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქმედო გეგმას ისმენენ.

გელა დუმბაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ლევილის მამულის დაბრუნების საკითხზე მუშაობს:

“ლევილის მამულის დაბრუნების საკითხზე საკმაოდ დიდი პროგრესია მიღწეული. იყო ნოე ჟორდანიას ანდერძი, რომ ლევილის მამული, რომელიც საქართველოს ფულით არის შეძენილი,   საქართველოს დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც ის გახდება დამოუკიდებელი. ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს, ძალიან გაიწელა ეს პროცესი. ჩემი მეექვსე ვიზიტი იქნება ახლა საფრანგეთში, ჩვენ ვხვდებით მამულის მფლობელ ოჯახებს, ასევე ჩატარდება პარიტეტული ორმხრივი კომისიის სხდომა. მე ქართული მხრიდან ამ კომისიის თავმჯდომარე ვარ,   იუსტიციის მინისტრი მივიწვიე ამ კომისიაში, ასევე კომისიაში არის ბატონი გოჩა ჯავახიშვილი. ფრანგულ მხარეს ხელმძღვანელობს ქალბატონი ირენ ციციშვილი. მიღწეული პროგრესი გამოიხატება იმაში, რომ მთავრობამ გასულ წელს გამოყო 107 ათასი ევრო მამულის წინასწარი დიაგნოსტიკური და შეფასებითი სამუშაოებისთვის. ეს არის ფრანგული მხარის მოთხოვნა. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, იურიდიული შეფუთვის გარეშე მამულის გადმოცემა იქნებოდა წარმოუდგენელი,”- განაცხადა დუმბაძემ.

მისივე მოსაზრებით, მამულის შემდეგომი განვითარება ვილა მედიჩის ტიპის აკადემიას უნდა დაეფუძნოს:

“ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მამულის შემდგომი განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ვილა მედიჩის ტიპის აკადემიას, სადაც წინ იქნება წამოწეული ისტორიული ასპექტები, კულტუროლოგიური, სამეცნიერო ასპექტები,  რათა ის პროფილი, ის ისტორიული მხარე, რაც მამულში იყო, ყოველთვის დომინირებდეს მამულის შემდგომ საქმიანობაში.  მომავალში, სავარაუდოდ, ჩავლენ მეცნიერები, მაგისტრანტები, ჩვენი სტუდენტები და როტაციის პრინციპით  იცხოვრებენ მამულის ტერიტორიაზე, ეს იქნება სამიდან ექვს თვემდე და გააკეთებენ სამეცნიერო მოხსენებებს, დისერტაციებს ქართულ-ფრანგულ კულტუროლოგიურ თემებზე. ძალიან საინტერესო პროცესებია. მას შემდეგ, რაც პირველი მთავრობა მიგრაციაში წავიდა, კომინისტური ხელისუფლება იბრუნებდა მსგავსი ტიპის მამულებს და ქონებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ შეიქმნა საჭიროება, რომ მამული გადაფორმებულიყო ხუთ ოჯახზე. პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოჯახების წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით ხელი მოაწერონ დასკვნით აქტს მამულის გადმოცემის თაობაზე.”

მისივე თქმით., ლევილის მამულს განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს:

“წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელსაც დროებით დაკარგული ტერიტორიები გააჩნია, ევროპის შუაგულში იბრუნებს 5 ათას კვადრატულ მეტრს, ამას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ჩვენი ხალხისთვის, მე მგონი,  დამატებითი სულიერი ინსპირაცია იქნება. მამულის გადმოცემით დიდი საქმეები მხოლოდ იწყება. ამ მამულს მიხედვა უნდა, კეთილმოწყობა უნდა, შენობებს გამაგრება უნდა, ახლის აშენება. ეს მიწა ძალიან საინტერესოა, რადგან ფრანგული ჯგუფის დასკვნით, არის მიწისქვეშა წყლები, რომელიც დასალევად ვარგისია. განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს ამ მამულს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი