ახალი ამბები

პეტიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით

8 თებერვალი, 2016 • 1659
პეტიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აქვეყნებს პეტიციას, სადაც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეჩერდეს “უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება”.

პეტიციის ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. ის ასევე მიმართავს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას და მოუწოდებს, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.

“დღეს საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე  კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესების გზით.

მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით.

განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენების მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის დამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა,

რის შედეგადაც:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;
  • საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად;
  • მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩვრებას.

არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები, საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს – მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ.

არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე.

სწორედ ამიტომ, დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ;
  • ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა,”– აცხადებს კოალიცია.

#შეაჩერე გახსენით ლინკი და მოაწერეთ პეტიციას ხელი. ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და …

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on Monday, February 8, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი