ახალი ამბები

პარლამენტი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს განიხილავს

8 თებერვალი, 2016 • 1503
პარლამენტი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს განიხილავს

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თობაზე, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

ხოლო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი