ახალი ამბები

მეჭიაური ქადაგიძეზე: მისი ანგარიშის მოსმენა დიდად არ მაინტერესებს

8 თებერვალი, 2016 • 1168
მეჭიაური ქადაგიძეზე: მისი ანგარიშის მოსმენა დიდად არ მაინტერესებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენა დიდად არ აინტერესებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა:

“მე პირადად მისი ანგარიშის მოსმენა დიდად არ მაინტერესებს, რა კითხვებიც მქონდა მაშინ დავუსვი, როცა საკომიტეტო მოსმენა იყო და როცა აქტუალური იყო 2014 წლის ანგარიში. ახლა უფრო აქტუალურია 2015 წლის ანგარიში, ვიდრე 2014 წლის და 2015 წლის ანგარიშს მალე შემოიტანს ეროვნული ბანკი. ქადაგიძის მოსმენა ჩემთვის სულაც არ არის ძალიან აქტუალური, რადგან ერთ თუ ორ კვირაში იმავე საკითხის გამოტანა შეეძლება ერონული ბანკის ახალ პრეზიდენტს ან მოვალეობის შემსრულებელს. ის დიდი ალბათობით იმ ძველი საბჭოდან იქნება, რომელი საბჭოს ანგარიშიც არის ეს და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კონკრეტული გვარის და სახელის. მე ჩემს ხედვას ვიძახი, მაგრამ თუ ახლა ჩაჯდება დღის წესრიგში, არც მაგის პრობლემა მაქვს, მაგრამ ამ თემის აქტუალობას ვერ ვხედავ. ”

1 თებერვალს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა შესაძლოა გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენა ვერ მოასწროს, რადგან მას უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე თვეა ითხოვს პარლამენტისგან მოსმენას – მან საკანონმდებლო ორგანოს 2014 წლის ანგარიში უნდა წარუდგინოს. 2015 წელს პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ მოუსმინა.

27 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული 6 კანდიდატის ვინაობა დაასახელა: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი