ახალი ამბები

ცესკო: არჩევნები საოლქო კომისიებში წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ჩატარდა

8 თებერვალი, 2016 • 1155
ცესკო: არჩევნები საოლქო კომისიებში წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ჩატარდა

ცესკო აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევნები მათი უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის გასვლის გამო ჩატარდა.

ცესკოს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის გასვლის გამო 193 ვაკანტურ პოზიციაზე  გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი.  

ცესკოს 4 თებერვლის სხდომაზე აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიების 182 წევრი, აქედან 113 ქალი და 69 კაცი. საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა სრული რაოდენობა 380 პირით განისაზღვრება, აცხადებს ცესკო.

ცესკოს სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა – 13 წევრი. გამარჯვების მოსაპოვლებად კანდიდატს უნდა დაეგროვებინა დანარჩენ კონკურსანტებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ 7 ხმისა.  

ცესკოს ცნობით, სახელობითი კენჭისყრის სტატისტიკა ასეთია: 13 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 28 წევრი, 12 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 35 წევრი, 11 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 34 წევრი, 10 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 24 წევრი, 9 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 61 წევრი.

არჩეულ წევრთაგან 55 პირი არის საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედი წევრი, რომლებიც აირჩიეს ხელახალი ვადით. არჩეულთა შორის არიან როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით წევრებად მუშაობის გამოცდილების მქონე 81 პირი, ისე საუბნო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა არჩევნებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 25 პირი, აცხადებს ცესკო.

აღნიშნული განცხადება ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფკავშირების პროტესტის შემდეგ გამოაქვეყნა. პროფკავშრები ცესკოს ადმინისტრაციას პროფესიული კადრების დევნასა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმებაში ადანაშაულებენ.

“არჩევის პროცესი წარიმართა კანონის შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევის შესახებ ცესკოს არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში”, – აცხადებს ცესკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი