ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისებულიყო

8 თებერვალი, 2016 • 1171
კვირიკაშვილი: მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისებულიყო

გიორგი კვირიკაშვილი კომპანია “ვიმპელკომისათვის” ფოთი-ვარნის წყლისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო მიყიდვის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანია მხოლოდ საცალო ბიზნესის შესყიდვას გეგმავს. საკითხი არ ეხება მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, თავადაც წინააღმდეგი იქნებოდა “ვიმპელკომისათვის” ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისებისა.

“მე მქონდა ამ საკითხებზე საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და თავად ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფიყო გასხვისებული, რადგან ამას აქვს გარკვეული სტრატეგიული ხასიათი. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის და ასევე სხვა მაგისტრალური ინფრასტურქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაიდ საფრთხეს მე ვერ ვხედავ,” – აცხადებს პრემიერი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი შესაძლოა კავკასუს ონლაინისაგან “ვიმპელკომმა” იყიდოს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაავრცელა. პარტიაში არ ასახელებენ მათი ინფორმაციის წყაროს.

კავკასუს ონლაინის წილის 36.2%-ს ფლობს უცხოური საწარმო International Online Networks LLC, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, 19.8%-ს ფლობს ნელგადო ლიმითედი (ვირჯინიის კუნძულები), ხოლო 44%-ს – გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).

რაც შეეხება მობიტელს (ბილაინი): წილის 51%-ს ფლობს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (ვირჯინიის კუნძულები), 29%-ს – „ინვესტიკო ალიანსე“ (ვირჯინიის კუნძულები), 20%-ს მირენ ინვესტ, (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.).

კავკასუს ონლაინის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ხვიჩა მაქაცარიაა, იგი პარალელურად მობიტელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ასევე ერთდროულად ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თეიმურაზ არონიაც.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კავკასუს ონლაინი იძლებულია, რომ თავისი საცალო მომსახურების სეგმენტი გაყიდოს, რადგან მას გარკვეული პრობლემები აქვს. მისი თქმით, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ ვალდებულებებზე, რომელთა გასტუმრება საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.

“მას ასეთი არჩევანი აქვს: ან კონკრეტული კომერციული ნაბიჯები გადადგას, ან გაკოტრება, თუ მისი კომერციული საქმიანობის შემცირება იქნება პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, კომპანია არა მხოლოდ მობიტელს ესაუბრება, რომელიც საქართველოს რეზიდენტი კომპანიაა და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვიმპელკომია (წილის 51%-ის, ხოლო 49 პროცენტის დამფუძნებელბი ქართველი პარტნიორები არიან, რომლებიც ნაწილობრივ ასევე არიან კავკასუს ონლაინის პარტნიორები და დამფუძნებლები). საცალო სეგმენტის ნაწილში შესაძლოა ჩემთვისაც უფრო მისაღები იყოს, რომ რომელიმე დასავლურმა დიდმა კომპანიამ შეიძინოს, მაგრამ მოლაპარაკებები მიდის მათ [მობიტელსა და კავკასუსს] შორის. [საცალო სეგმენტის ნაწილში] რაიმე საზიანო კიბერუსაფრთხოების ან კონკურენტული გარემოს თვალსაზრისით ნაკლებად იქნება, ვიდრე ოტპიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვის შემთხვევაში. საცალო მომსახურების გაყიდვის ნაწილში სახელმწიფო მნიშვნელობის საფრთხეს დიდად ვერ ვხედავ. ვინმესთვის შესაძლოა საცალო სეგმენტის არა რუსული კომპანიის მიერ ყიდვა იყოს მისაღები, არამედ შვედეთის ან სხვა ქვეყნის კომპანიის, მაგრამ კავკასუს ონლაინს მოლაპარაკებები ჰქონდა მაგთისთანაც და ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები ჰქონდა სილქნეტთანაც და ვერ შეთანხმდნენ. საბოლოო ჯამში, არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმდნენ მობიტელთან”, – განაცხადა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი