ახალი ამბები

პრემიერი გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე: ვერ ვიტან ტყუილს

8 თებერვალი, 2016 • 1207
პრემიერი გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე: ვერ ვიტან ტყუილს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მასთან ტელეკომპანია “მაესტროს” საკითხზე არ უსაუბრია. როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მოსალოდნელი სპეკულაციების შესახებ რომ სცოდნოდა, გაჩეჩილაძესთან შეხვედრისაგან თავს შეიკავებდა.

“მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი. ვერ ვიტან ტყუილს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 11 საათზე შევხვდი. სპეკულაციებზე პასუხის გაცემა აღარ შემიძლია. 11 საათი, მგონი, სამუშაო დრო არ არის. ვისაუბრეთ გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთ მეგობარზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა რაღაც პრობლემები – ეს იყო და ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე შევხვდი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს. იმასაც ვიტყვი გულახდილად და გულწრფელად, საერთოდ არ ვიცოდი, რაიმე თუ ხდებოდა “მაესტროში”.

რომ მცოდნოდა, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი. ამ სიტუაციაში შეიძლება შეხვედრისაგან თავი შემეკავებინა, რომ არ გამომეწვია ამხელა სპეკულაციები. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილისა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტების მიხედვით, ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ, რომლებიც შპს “სტუდია მაესტროს” წილის 15-15%-ს ფლობდნენ, გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელ ლევან გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები მიჰყიდეს. სხვა მეწილეები არიან მაკა ასათიანი (25%), მამუკა ღლონტი (15%) და ეკატერინე აკობია (5%).

4 თებერვალს მეწილეებმა მაესტროს გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაბაძე ტელეკომპანიის წილების ცვლილებას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხედ აფასებს. იგი აცხადებს, რომ თუ გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის სამართავად შემოსვლას მოინდომებს, ეს უკანონო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი