ახალი ამბები

რა აერთიანებთ ზაზა შენგელიას და ლევან ყუბანეიშვილს

10 მარტი, 2011 • • 2616
რა აერთიანებთ ზაზა შენგელიას და ლევან ყუბანეიშვილს

ლევან ყუბანეიშვილი და ზაზა შენგელია
ლევან ყუბანეიშვილი და ზაზა შენგელია

გასართობი არხები საკაბელო მაუწყებლებისთვის, გადაცემები და ტელესერიალები ნაციონალური ტელეარხებისთვის, სატელევიზიო სარეკლამო რგოლები და ახლა უკვე ტანია მარიას კონცერტი თბილისში – ამ ყველაფერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორები განაგებენ.

ზაზა შენგელია და ლევან ყუბანეიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია  ბიზნესპარტნიორობაში. ბიზნესკომპანიების უმეტესობა, რომლებიც ყუბანეიშვილსა და შენგელიას ეკუთვნით, იურიდიულად კოსტავავას #68–შია განთავსებული, იმავე მისამართზე, სადაც „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მდებარეობს.

„თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგი“ 2010 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი და 20%–ანი წილის მფლობელი ლევან ყუბანეიშვილია, 20%–ს ზაზა შენგელია ფლობს, დანარჩენ 60%–ს კი  – კომპანია „ქართული ტრადიცია“, რომელიც, თავის მხრივ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის.

„თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგი“ ამჟამად რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა „თბს ტვ“, რომელიც 1996 წელს დააფუძნა 40%–ანი წილით ზაზა შენგელიამ და 60%–ანი წილით – „ქართულმა ტრადიციამ“. კომპანიას 2004–08 წლებში ლევან ყუბანეიშვილი ხელმძღვანელობდა. ამჟამად „თბს ტვ“–ს 100%–ანი წილის მფლობელი „თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგია“.

„თბს ტვ“ თითქმის ყველა ნაციონალურ არხთან დღემდე თანამშრომლობს. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ამ კომპანიას რამდენიმე პროექტი ჰქონდა, მათ შორის, „დიდი ათეული“ და „ცხოვრება მშვენიერია“. ორივე გადაცემა ეთერში მაშინ გადიოდა, როდესაც არხის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი იყო.

ყუბანეიშვილისა და შენგელიას კომპანია დღემდე თანამშრომლობს ტელეკომპანია „იმედთანაც“. გადაცემა ”სიმართლის დრო”, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გადიოდა „იმედის“ ეთერში და ჯერ ჟურნალისტ შალვა რამიშვილს, შემდეგ კი მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს მიყავდა, „თბს ტვ“–ის მიერ იყო მომზადებული.

დღეს ეს პროექტი დახურულია, თუმცა კომპანიამ „იმედის“ არხზე ახალი გადაცემა ”ფეისკონტროლი” დაიწყო, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ისევ ნანკა კალატოზიშვილია.

გადაცემების გარდა, შენგელია–ყუბანეიშვილის ტანდემი სხვა ტელეპროდუქციითაც თანამშრომლობს ნაციონალურ არხებთან. მაგალითად, „რუსთავი 2“–ის სერიალი „დეტექტივები“ კომპანია „მედია საკონსულტაციო ცენტრის“ პროექტია. „მედია საკონსულტაციო ცენტრი“ 2009 წელს შეიქმნა, შარშან კი კომპანიას შეერწყა შპს „ჯი ელ ტვ“,  რომლის 30%–ანი წილის მფლობელი ზაზა შენგელია იყო. „მედია საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი ლევან ყუბანეიშვილია.

2010 წლის 17 აგვისტოდან შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ 15%–ანი წილის მფლობელი გახდა შპს „გლობალ მედია ჯგუფში“. „გლობალ მედია ჯგუფი“ ამჟამად ოთხი გასართობი არხის მფლობელია, რომლებიც საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით გადაიცემა.

2010 წლის ივლისში შენგელია-ყუბანეიშვილმა კიდევ ერთი ახალი კომპანია დააფუძნეს. ეს არის ”ბრავო რექორდსი”.

„ბრავო რექორდსის“ დაფუძნებისას სამეწარმეო რეესტრში ზაზა შენგელიასა და ლევან ყუბანეიშვილს თანაბრად 4-4% წილი აქვთ,  66% კი – „თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგს“.

ორი თვის შემდეგ „თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგი“ აღარ ფიგურირებს დამფუძნებელთა შორის, ზაზა შენგელიას კი 4 %-ის ნაცვლად  „ბრავო რექორდსის“ 79% აქვს საკუთრებაში. ნოემბერში კი ლევან ყუბანეიშვილის სახელი და გვარი ქრება კომპანიის პარტნიორების ნუსხიდან. ჩნდება ორი კომპანია – „გრინ ფი“ (8%-ის მფლობელი) და „ბრენდ ჰაუზი“ (4%). შპს „ბრენდჰაუზის“ 100% წილის მფლობელი კი ლევან ყუბანეიშვილია.

კომპანია „ბრავო რექორდსის“ პირველი პროექტი საქართველოში ბრაზილიელი მომღერლის, ტანია მარიას კონცერტია.

„ბრავო რექორდსი“ ოფიციალურად 17 მარტს ტანია მარიას კონცერტით გაიხსნება. არის კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც შედის „თიბისი თივი ინთერთეინმენთ ჰოლდინგის“ შემადგენლობაში. ჰოლდინგის ფარგლებში შესაძლებელია მთელი მედია მომსახურების განხორციელება, როგორც კლიპის გადაღება, ასევე, მისი განთავსება და ა.შ.“ – ამბობს ჰოლდინგის ბუღალტერი ავთანდილ კვანტალიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ზაზა შენგელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი 7 წელია აღარ არის. ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობიდან 2009 წლის ივლისში გადადგა. აგვისტოში გამართული არჩევნების შემდეგ მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი.

ყოფილ დირექტორებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა არ დაუტოვებიათ, მათი კომპანიების იურიდიული მისამართი კოსტავას ქ. #68–ა, სადაც „საზოგადოებრივი მაუწყებელია“ განთავსებული. „თიბისი თივი ინთერთეინმენთ“–ის სადამფუძნებლო დოკუმენტებს თან ერთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციულ დარგში დირექტორის მოადგილის თანხმობის წერილი აღნიშნული კომპანიისათვის მაუწყებლის საკუთრებაში არსებული მეორე კორპუსის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემასა და ოფისის განთავსებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი