ახალი ამბები

“ზუგდიდი” კოსოვოს საფეხბურთო კლუბთან გამართული მატჩის გამო ბოდიშს იხდის

7 თებერვალი, 2016 • 2210
“ზუგდიდი” კოსოვოს საფეხბურთო კლუბთან გამართული მატჩის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” კოსოვოს კლუბ “ფერონიკელთან“ გამართული ამხანაგური მატჩის გამო ბოდიშს იხდის. როგორც “ზუგდიდის” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბს საკითხის პოლიტიკური მხარისადმი ყურადღება არ მიუქცევია.

თურქეთში შეკრებაზე მყოფი ს.კ. „ზუგდიდი“ ეხმაურება იმ ინფორმაციას, რომელიც მედიის საშუალებით დღეს გავრცელდა. ს.კ. „ზუგდიდი“ ადასტურებს, რომ თურქეთში შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გამართა კოსოვოს საფეხბურთო კლუბ „ფერონიკელთან“. აქედან გამომდინარე ავრცელებს განცხადებას:

ამ შეხვედრის დაგეგმვის ორგანიზატორებმა და, უპირველეს ყოვლისა ჩვენ, არ მივაქციეთ ყურადღება პოლიტიკურ მხარეს, კერძოდ იმას, რომ კოსოვოს რესპუბლიკა არ არის საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმოქმედეთ. მართალია, კოსოვოს რესპუბლიკა აღიარებული ჰყავს საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები – სულ ასზე მეტ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ს.კ. „ზუგდიდის“ მხრიდან მოხდა პოლიტიკური საკითხისადმი ყურადღების მოდუნება, რის გამოც ვიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია “ზუგდიდის” განცხადებაში.

ზემოხსენებული ამხანაგურ მატჩში “ზუგდიდი” 1-2 დამარცხდა. ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა:

“მედია და ინტერნეტსაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სფფ განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის”, – აცხადებს სფფ.

კოსოვოს დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, თუმცა მათ შორის არაა საქართველო. კოსოვო ამ დრომდე არ არის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს წევრი, თუმცა ამ საკითხის განხილვას UEFA მიმდინარე წლის მარტში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი