ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრის თქმით, გაჩეჩილაძესთან შეხვედრა “მაესტროს” არ უკავშირდებოდა

5 თებერვალი, 2016 • 1098
პრემიერ–მინისტრის თქმით, გაჩეჩილაძესთან შეხვედრა “მაესტროს” არ უკავშირდებოდა

გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა გია გაჩეჩილაძესთან, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრა არ უკავშირდებოდა ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს.

“მე მქონდა შეხვედრა ჩემს მეგობართან. აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას არ ჰქონდა მაესტროს საქმესთან. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ,”– განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილისა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტების მიხედვით, ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ, რომლებიც შპს “სტუდია მაესტროს” წილის 15-15%-ს ფლობდნენ, გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელ ლევან გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები მიჰყიდეს. სხვა მეწილეები არიან მაკა ასათიანი (25%), მამუკა ღლონტი (15%) და ეკატერინე აკობია (5%).

4 თებერვალს მეწილეებმა მაესტროს გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაბაძე ტელეკომპანიის წილების ცვლილებას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხედ აფასებს. იგი აცხადებს, რომ თუ გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის სამართავად შემოსვლას მოინდომებს, ეს უკანონო იქნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი