ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი პოლიციელების მიერ ქისტი მოქალაქეების სავარაუდო ცემის გამოძიებისკენ პროკურატურას მოუწოდებს

5 თებერვალი, 2016 • 1291
ომბუდსმენი პოლიციელების მიერ ქისტი მოქალაქეების სავარაუდო ცემის გამოძიებისკენ პროკურატურას მოუწოდებს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ობიექტურად დაასრულოს პოლიციელების მიერ ქისტი მოქალაქეების სავარაუდო ცემასთან დაკავშირებული გამოძიება.

“განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ან რასიზმის სხვაგვარი გამოვლინების მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უნდა იყვნენ შეუწყნარებლები, რადგან მსგავსი ფაქტები შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირების, უმცირესობათა ჩაგვრის და რასიზმის წამახალისებელ გარემოებად იქცეს”, – აცხადებს სახალხო დამცველი დღეს, 5 თებერვალს, გამოქვეყნებულ გაცნხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, თუკი ძალადობა მომდინარეობს სახელმწიფოს იმ უწყებების წარმომადგენლებისგან, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედ მოქალაქეთა ძალადობისგან დაცვაა.

სახალხო დამცველის განმარტებით, თუკი ამ დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელია, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მისი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საწინააღმდეგო პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებული არ არის.

“გამოიყენოს კანონი მთელი სიმკაცრით და არ დატოვოს შერჩევითი მართლმსაჯულების თუნდაც მცირედი ეჭვი”, – აცხადებს ომბუდსმენი.

გოჩა გორგიშვილისა და ასლან წუწაშვილის თქმით, 2016 წლის 23 იანვარს ახმეტაში პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ ეთნიკურ წარმომავლობას ხაზი გაუსვეს, ინფორმაციას “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

დაზარალებულების მტკიცებით, სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები მას შემდეგ  დაიწყო, რაც აღმოაჩინეს, რომ ისინი ეთნიკურად ქისტები იყვნენ.

დაზარალებულების განცხადებით, ინციდენტში რიგითი სამართალდამცავების გარდა რაიონული სამმართველოს უფროსიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე აგრესიულად იყო განწყობილი მოქალაქეების მიმართ და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი