ახალი ამბებიეკონომიკა

სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრი აშენდა

5 თებერვალი, 2016 • 2507
სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრი აშენდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დასრულდა და მისი ოპერირებისთვის მზადება დაიწყო.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი, ჯამში, 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი, აცხადებენ ფონდში.

სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

საპარტნიორო ფონდის გათვლით, ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდმა განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი