ახალი ამბებიეკონომიკა

ავიაკომპანია Wizz Air რეგიონში პირველ ბაზას ქუთაისის აეროპორტში გახსნის

4 თებერვალი, 2016 • 2417
ავიაკომპანია Wizz Air რეგიონში პირველ ბაზას ქუთაისის აეროპორტში გახსნის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ ავიაკომპანია ვიზეარს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2016 წელს ავიაკომპანია ვიზეარის ბაზა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება. რომელიც რეგიონში ვიზეარის პირველი ბაზა იქნება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება.

სამინისტროს ცნობით, ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.

ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს.

ამავე წელს ვიზეარი მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აეროპორტი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი