ახალი ამბები

ხიდაშელი: ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო პოლიციის გუნდი გაემგზავრება

4 თებერვალი, 2016 • 1088
ხიდაშელი: ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო პოლიციის გუნდი გაემგზავრება

 

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა 4 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის გუნდი ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო სექსუალური დანაშაულის მოსაკვლევად გაემგზავრება. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძება ვერ დაიწყება, სანამ საქმეში ფაქტობრივი გარემოებები არ იარსებებს.

მისი განცხადებით, მოკვლევა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

“ორი რამ, რაც ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება, ეს არის, ერთი, ინფორმაცია, რომელსაც ველით ჟენევიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კონკრეტულ ინფორმაციას ვგულისხმობ, ანუ, ვინ რა ჩვენება მისცა, როდის, რა თარიღებზეა საუბარი. ამიტომ ველოდებით ამას და პირობა გვაქვს მიღებული, რომ ძალიან სწრაფად მივიღებთ. ანა დოლიძე არის მუდმივ კომუნიკაციაში უმაღლესი კომისრის ოფისთან და კვირის ბოლომდე ველოდებით, რომ ჩვენ ეს ჩვენებები უკვე გვექნება თბილისში და, შესაბამისად, შევძლებთ ვიცოდეთ, კონრეტულად რა თარიღებზე, რა ლოკაციებზე არის იქ საუბარი.

მეორე, ეს არის, რომ ჩვენი სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც იძიებს, იკვლევს, უფრო სწორად, ამ საქმეს, მზადების პროცესშია ცენტრალურ აფრიკაში წასვლისთვის. მოგეხსენებათ, უბრალოდ, ბილეთის ყიდვა და გამგზავრება არ არის საკმარისი, მთელი პროცედურაა სამედიცინო ჩასატარებელი, სპეციალური აცრები უნდა გაიკეთონ და ასე შემდეგ, და ეს პროცედურები დავიწყეთ იმისათვის, რომ უკვე როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაციები, მაშინვე შეძლონ გადაადგილება. პრინციპში, როგორც კი ჟენევიდან მივიღებთ ამ ინფორმაციებს, ჩვენ წინასწარი სამუშაო თითქმის დავასრულეთ,”– განაცხადა ხიდაშელმა. 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებს გამოძიებას, ხიდაშელი პასუხობს, რომ გამოძება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

“გამოძიება არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა. გამოძიებას ვერ დავიწყებთ, სანამ არ გვაქვს ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც გამოძიება უნდა დავიწყოთ. ეს ახლა შეიძლება იურიდიულ კაზუისტიკად ჩანს, მაგრამ  მნიშვნელოვანი დეტალი არის იმიტომ, რომ სანამ ჩვენ არ გვექნება იმ  ადამიანების ჩვენებები, ვინც რაღაცას გვაბრალებენ, გვაქვს პრესრელიზი. პრესრელიზის საფუძველზე, მოგეხსენებათ, გამოძიებას ვერ დავიწყებთ. ამიტომ მიმდინარეობს მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს სამხედრო პოლიცია,”– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის ინფორმაციით, გამოძიება არ დაუწყია არც ცენტრალურ აფრიკას. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 თებერვალს სენაკში მოინახულა და გაამხნევა 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში მყოფი სამხედროები.

“გუშინ მთელი დღე, პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, სენაკის მეორე ბრიგადაში გავატარე, სადაც იმყოფება ცენტრალურ აფრიკაში მყოფი მაშინდელი კონტინგენტის უდიდესი ნაწილი, ამჟამად იქ არიან დისლოცირებული. მქონდა შესაძლებლობა ამ ბიჭებთან საუბრის. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით,  ყოველი ჩვენგანისთვის ის არის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან ბედნიერი იმ მედიაში გამოხმაურებებით, რაც ამ დღეების განმავლობაში კეთდებოდა.

უმნიშვნელოვანესია, რომ გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს. მესმის, რომ სანამ გამოძიება დასრულდება, ლეგიტიმური კითხვები მუდმივად იარსებებს, მაგრამ ამასობაში არ შეიძლება, რომ მთელ ამ კონტინგენტზე კეთდებიდეს იმ ტიპის განცხადებები, რასაც ვისმენთ. სწორედ ამირტომ ჩავედი გუშინ სენაკში, რომ მათ შევხვედროდი, შევხმიანებოდი იმ წუხილებს, რომელიც ჩვენ ერთობლივად, ყველას გვაქვს და გამემხნევებინა,”– ამბობს ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი