ახალი ამბებისაზოგადოება

რას ითვალისწინებს მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება

4 თებერვალი, 2016 • 2367
რას ითვალისწინებს მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის, ირინა აბულაძის განმარტებით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადება, რომელიც 2016-2019 წლებში უნდა განხორციელდეს, რამდენიმე მოდულიანი იქნება.

ამ დროისთვის, ირინა აბულაძის ცნობით, ჩარჩო-მოდულები უკვე განსაზღვრულია, თუმცა პროექტი ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა.

სკოლის დირექტორების შემთხვევაში, რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება იგეგმება.

“ჩარჩო-მოდულები უკვე განსაზღვრულია, დაწყებული ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვიდან, დასრულებული დირექტორამდე, რომელიც უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსის ხელმძღვანელი. ჩვენ მხოლოდ მენეჯერული უნარების მქონე ადამიანები არ გვჭრდება, გვჭირდება დირექტორები, ვინც იცის, როგორ შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო. საუბარია იმაზე, რომ გვყავდეს დირექტორები, ვისაც ყველას თანაბრად გავლილი ექნება უწყვეტი პროფესიული განვითარების გზა და არა ქაოტურად. აქამდე ზოგს ერთი მოდული ჰქონდა გავლილი, ზოგს- მეორე. სერტიფიცირება იყო შარშან და ბევრ სკოლაში უკვე ახალი დირექტორია. შესაბამისად, გამოვედით იქიდან, რომ რაღაც დონის გადამზადება ერთეულ დირექტორებს შესაძლოა გავლილი აქვთ, მაგრამ ეს არ იყო სისტემური”, – ამბობს ირინა აბულაძე.

მისი ცნობით, ეს მოდულები შედგენილია დაქირავებული უცხოური კომპანიის მიერ, რომელმაც დირექტორების და მასწავლებლების საჭიროებები შეისწავლა.

რაც შეეხება მოდულების გავლის პერიოდს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, “დირექტორების შემთხვევაში, ეს ძირითადად არდადაგების პერიოდში გაკეთდება. ამასთან, ყველა სკოლა ერთდროულად ჩაერთვება და, შესაბამისად, რეგიონული ტრენინგცენტრები მოეწყობა”.

“სამ საფეხურად არის დაყოფილი ეს მოდულები. პირველი მოდული 2016 წლის აგვისტოდან დაიწყება, რომელიც გაგრძელდება, სავარაუდოდ, ზამთრისა და ზაფხულის არდადაგებზეც”.

რაც შეეხება მასწავლებლების ტრენინგებს, ისინი 2016 წლის სექტემბერში დაიწყება.

“მათი ტრენინგები განხორციელდება ორ ნაწილად. პირველი შეეხება ზოგად პროფესიული უნარებს, საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ერთ ჯგუფში, მაგალითად, შეიძლება ისხდნენ საგნების – ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიის, მათემატიკოს და ინგლისური ენის მასწავლებლები. შერეული ჯგუფებში ტრენინგები იქნება ზოგად უნარებზე, მაგალითად, როგორ დავაინტერესო მოსწავლე, როგორ ჩავატარო საკლასო შეფასება, როგორ მივცე მოსწავლეს განმავითარებელი შეფასება და ა.შ. დიდი ყურადღებაა გამახვილებული, ასევე, ინკლუზიურ სწავლებაზე. ამასთან, თითოეულ პედაგოგს საკუთარ პაკეტში მისი საგნისთვის დამახასიათებელი მასალები ექნება. მეორე ეტაპი 2017 წლიდან საგნობრივ მეთოდიკას ითვალისწინებს და აქ უკვე პედაგოგები საგნობრივად დაჯგუფდებიან”, – ამბობს წარმომადგენელი.

ირინა აბულაძის განმარტებით, პირველი ეტაპის გავლის შემდეგ დააკვირდებიან პედაგოგებს, რა უჭირთ პრაქტიკაში, რამდენად იყენებენ ამ უნარებს სასწავლო პროცესში, რა სჭირდებათ მასწავლებლებს.

კითხვაზე, როგორ შეუთავსებენ მოდულების გავლას პედაგოგები და ხელს ხომ არ შეუშლის მათ საგაკვეთილო პროცესს აღნიშნული ტრენინგები, ირინა აბულაძე ამბობს:

“ეს ბიუჯეტი და პროგრამა მაქსიმალურად აწყობილია იმაზე, რომ ჰქონდეთ მოტივაცია მოვიდნენ, ჰქონდეთ მაღალი ხარისხის საჭიროებებზე მორგებული მოდული და მათთვის კომფორტული გარემო და დრო”.

ოფიციალური ინფორმაციით, ეტაპობრივად, 2018 წლისთვის გადამზადების ყველა ეტაპი დასრულებული იქნება. ბოლო ეტაპზე კი შესაბამისი საგნების მასწავლებლებისთვის გათვალისწინებულია გადამზადება ლაბორატორიულ ნაწილში.

“რა აღჭურვილობაც იქნება იმ დროისთვის სკოლებში, მის მიხედვით შეიქმნება მოდულები, როგორ შიეტანონ მეტი პრაქტიკული ნაწილი გაკვეთილის პროცესში”.

როგორც ირინა აბულაძე ამბობს, ამჟამად მიმდინარეობს ტრენერთა შერჩევა.

ჯამში, დირექტორების გადამზადებისთვის დაახლოებით [ეს ცნობილი გახდება მოდულების დაზუსტების შემდეგ] 180 საათია განსაზღვრული. პედაგოგებისთვის – 60. თუმცა, როგორც ირინა აბულაძე ამბობს, ამას დაემატება არასაკონტაქტო საათებიც.

“ეს ყველაფერი სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ყველა მოდულს გაწერილი ექნება სასწავლო მისაღწევი შედეგი, რომ თავსებადობაში მოვიდეს სქემის მოთხოვნებთან და ის შემდეგ უღიარდეთ მათ პროფესიული განვითარების ნაწილში ან სავალდებულო, ან დამატებით კრედიტებში”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დირექტორთა და მასწავლებელთა გადამზადება არაქართულენოვან სკოლებსაც შეეხება – მასალები უნდა ითარგმნოს სამ- რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი 2019 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი