ახალი ამბებისაზოგადოება

მანიფესტი: “მოიხადოს საჯარო ბოდიში გოგი თოფაძემ”

4 თებერვალი, 2016 • 1760
მანიფესტი: “მოიხადოს საჯარო ბოდიში გოგი თოფაძემ”

“მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.

მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და, როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება,” – ამ შინარსის მანიფესტი ინტერნეტსივრცეში გუშინ გავრცელდა. პეტიციის ავტორები პარლამენტის დეპუტატისაგან მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

3 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება, და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტს გამოსვლისას სიტყვა დაუნი ან დაუნის სინდრომი არ გამოუყენებია და არც საქართელოს მოსახლეობა შეუდარებია.

4 თებერვალს, 14:00 საათზე, ამავე მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი