ახალი ამბები

თოფაძე: დაუფიქრებლად მივიღეთ ბევრი უცხოელის რჩევა, ამიტომაც ვართ ამ დღეში

3 თებერვალი, 2016 • 1763
თოფაძე: დაუფიქრებლად მივიღეთ ბევრი უცხოელის რჩევა,  ამიტომაც ვართ ამ დღეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის აზრით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უცხოელი მრჩეველბის აზრის გათვალისწინების შედეგია.  ამის შესახებ მან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განაცხადა:

“თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ უცხოელების აქტიურობაზე ჩვენთან, რაც ნამდვილად მისაღებია, ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩვენ უფრო კრიტიკული უნდა ვიყოთ, ანალიზი გავუკეთოთ მათ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე ვიმოქმედოთ. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აქტიურად შემოდიოდნენ უცხოელები, მრჩევლები, ეს იყო მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, სავაჭრო ორგანიზაცია და მთელი რიგი სხვა დიპლომატები. მე და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხედვა გვაქვს. ყველა თავისი ინტერესების პრიზმით უყურებს საქართველოს. ჩვენ რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ ძალიან ბევრი მაგათი რჩევა და განვახორციელეთ, ამიტომაც ვართ დღეს ამ დღეში. ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა, ვინ გვაჩქარებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე, სასწრაფოდ რომ შეგვიყვანეს? იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი შეგვხვდა სასაუბროდ და გვეუბნება – თქვენ  ჩამორჩით ტექნოლოგიებს, თქვენ არ გინდათ წარმოება, ჩვენ შემოგიტანთ, თქვენ ვერ დაეწევით, ვერ შექმნით კონკურენტულ პროდუქციას. ასე გააგრძელეთ, ტურიზმი, ნავთობსადენი და ა.შ. ასეთი წინადადებები არ უნდა მივიღოთ. ღარიბი მეზობლის სტატუსით არ უნდა შევიდეთ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ”

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ სწრაფვა სწორია, ყველა წინადადებას საქართველომ ანალიტიკურად უნდა შეხედოს:

“თუმცა ბევრს უნდა საქართველო, ყველანაირად. ევროკავშირისკენ ჩვენი გეზი სწორია, მაგრამ იქ არის საკითხები, რაზეც შეიძლება კამათი. ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა კამათობდა წლობით და გაიტანა თავისი. პროგრესული გზა არის, მაგრამ ცოტა უფრო ანალიტიკურად შევხედოთ ყველა წინადადებას.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი