ახალი ამბები

მაკა ასათიანი: არ მსურს უგუნურ ბრალდებებსა და ტყუილებზე საუბარი

3 თებერვალი, 2016 • 2031
მაკა ასათიანი: არ მსურს უგუნურ ბრალდებებსა და ტყუილებზე საუბარი

“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რომ რაიმე ფორმით ვისაუბრო უგუნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს”, – ამ განცხადებას მაკა ასათიანი ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე პროცესების კომენტირებისას აკეთებს.

“არ მინდა გადავღალო საზოგადოება ვითომდა პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით. მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტროს“ იმიჯის შელახვის უგუნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები.

შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემ მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მაკა ასათიანი ავრცელებს.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც ტელეკომპანია მასტროს 25%-იან წილს ფლობდა, სხვა მეწილეებისგან წილის 30% შეიძინა. გაჩეჩილაძე “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც გაჩეჩილაძემ “იმედს” განუცხადა, მხოლოდ იმ ადამიანებს დაუპირისპირდება, ვინც “მაესტროს” გაკოტრებას შეეცდებიან.

“არაფერს, შესაბამისად, არც საკადრო ცვლილებებს ვაპირებ. არავისთან კონფლიქტს და არც ჟურნალისტების გაშვებას ვაპირებ. დავუპირისპირდები მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მაესტროს გაკოტრებას შეეცდებიან. ამ ტელევიზიაში იმდენი ენერგია და სისხლია ჩაღვრილი, რომ არ შეიძლება მარტივად მისი ბედის გადაწყვეტა”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი