ახალი ამბები

პრეზიდენტი: გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა

3 თებერვალი, 2016 • 1153
პრეზიდენტი: გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგოუსაფრთხოების თემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს:

„რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს. ამიტომ გაზპრომთან მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ ნათელ გზავნილს საჭიროებს.

„გზავნილს, რომ, როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფვის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. რომ ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის, კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით.“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – აცხადებს მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი