ომბუდსმენი: კანონპროექტი რელიგიურ გრძნობებზე საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.

ომბუდსმენის განმარტებით, შემოთავაზებული ფორმულირებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია  „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანისმორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი.

შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ, რა შეიძლება იყოსშეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის  ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს, აცხადებს სახალხო დამცველი. 

როდესაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება სხვათა უფლებების დაცვის სახელით, მნიშვნელოვანია კონკრეტული გამოხატვის მნიშვნელობის გათვალისწინება საზოგადოებრივი დისკურსისთვის. საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და  მიმდევრების მიმართ საკუთარი, თუნდაც მიუღებელი აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.”

“საზოგადოებაში პლურალიზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს”, – მიაჩნია სახალხო დამცველს.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტი, იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი, ერთმნიშვნელოვანი.

სახალხო დამცველის განმარტებით, „გრძნობების შეურაცხყოფათავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომპოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდესგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“ (საქართველოს მოქალაქეებიგიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7).

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, ომბუდსმენი იხსენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლის თანახმადაც „ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება უნდა უშვებდეს ღია დებატებს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასა და რელიგიურ რწმენებთან.“ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს რელიგიური შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ეროვნული კანონების გადახედვისკენ.

ამავე რეზოლუციის მიხედვით, აგრძელებს სახალხო დამცველი, „დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიურმა ჯგუფებმა, ისევე როგორც სხვა ჯგუფებმა, უნდა შეიწყნარონ კრიტიკული საჯარო განცხადებები და დებატები მათ საქმიანობასთან, სწავლებასა და რწმენასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრიტიკა არ უტოლდება განზრახ და გაუმართლებელ შეურაცხყოფას ან სიძულვილის ენას და არ წარმოადგენს სიმშვიდის დარღვევისა და ძალადობის, კონკრეტული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ დისკრიმინაციის წახალისებას. საჯარო დებატები, დიალოგი და რელიგიური ჯგუფებისა და მედიის გაუმჯობესებული საკომუნიკაციო უნარები უნდა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ შემცირდეს მგრძნობელობა, როდესაც ის სცილდება გონივრულ ფარგლებს.“

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი ინიციატივის მიღების საფუძველი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი დასჯად ქმედებად ისედაც აცხადებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას, რაც გულისხმობს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. შესაბამისად, სახალხო დამცველი იხსენებს რუსეთის მაგალითს, სადაც სისხლის სამართლის კოდექსში მორწმუნეთა რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვისთვის ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით  ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „Article 19“ განაცხადა: „კანონი არ აკმაყოფილებსკანონიერებისმოთხოვნას, რადგან ის შეიცავს გადამეტებულად ფართო და ბუნდოვან სამართლებრივ ტერმინებს, როგორიცაარელიგიური რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფა“, „რელიგიური მსახურების დამცირებადარელიგიური ლიტერატურა“. ამ ტერმინების ბუნდოვანება და სუბიექტური ხასიათი შეიძლება საფუძვლად დაედოს თვითნებურ განმარტებას და ბოროტად გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ (Russia: Pussy Riot Inspired Blasphemy Law Threat to Free Expression, 01/7/2013).

დასკვნა შეიძლება გავრცელდეს შემოთავაზებულ ნორმაზეც, რომელიც იდენტურ, ბუნდოვან კატეგორიებს შეიცავს მაშინ, როდესაც  დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმა უნდა იყოსნათელი და განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართულიიმისთვის, რომ კონსტიტუციურად ჩაითვალოს(საქართველოს მოქალაქეებიგიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7), აცხადებს ომბუდსმენი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებთა კომიტეტმა 2 თებერვალს მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ახალი 1661 მუხლის დამატებას. აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და ჯარიმას აწესებს პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com