ახალი ამბებისამართალი

ევა გოცირიძის თქმით, რამდენიმე მოსამართლის ნამუშევარზე აქვს ეჭვი

3 თებერვალი, 2016 • 1618
ევა გოცირიძის თქმით, რამდენიმე მოსამართლის ნამუშევარზე აქვს ეჭვი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის განცხადებით, ეჭვი აქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე ნამუშევარზე. იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ ტესტზე წვდომა ტექნიკური შეცდომის გამო მომხდარიყო.

“ერთ შემთხვევაში ეს იყო აბსოლუტური, სრული თანხვედრა, იდენტური პასუხი გასცა კანდიდატმა იმისა, რაც იყო წინასწარ მომზადებული ტესტის შემდეგენლის მიერ. ხოლო რამდენიმე შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, იდენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა არის გარკვეული მსგავსება და ეჭვის საფუძველი არსებობს. გარდა ამისა, ისიც იქნება გასარკვევი, ეს გაჟონვა უკავშირდებოდა ვინმეს არაკეთილსინდისიერებას, თუ ტექნიკურ შეცდომას, ან ვიღაცის მცდელობას, რომ შეეღწია კომპიუტერში, მიეღო გარკვეული ინფორმაცია. ჯერ ამაზე დასკვნები ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა გოცირიძემ.

ევა გოცირიძის განცხადებით, სისტემაში შეღწევა რთულია, თუმცა “ახლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის ჰაკერების მიერ… თუმცა არა მგონია ეს ვერსია”

მისივე თქმით, ერთი კონკურსანტის შემთხვევაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც მტკიცებითი ფორმით საუბარი რთულია.

“თუმცა ლოგიკა, როგორადაც ის პასუხები არის აწყობილი, ძალიან ჰგავს იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც არის შესრულებული სავარაუდო სწორი პასუხი,”- ამბობს გოცირიძე.

მან უპასუხა არასამთავრობოების მოთხოვნასაც, რომელიც ეხება ვითარების გარკვევამდე მოსამართლეების კონკურსების შეჩერებას. მისი თქმით, კონკურსი არ შეჩერდება, რადგანაც მისი შეჩერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრებები იმართება. გოცირიძემ ჟურნალისტებს ამ გასაუბრების წინ მისცა ინტერვიუ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე ისაუბრა.

იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე მოკლევას დიდი ხანია აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი