ახალი ამბები

ბესელია რელიგიურ გრძნობებზე: ამგვარი ჩანაწერი ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს

2 თებერვალი, 2016 • 1355
ბესელია რელიგიურ გრძნობებზე: ამგვარი ჩანაწერი ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ მხარდაჭერილი კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას არ არღვევს:

“ჩვენი ამოცანა იყო, რომ ბალანსი გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და რელიგიური გრძნობების დაცვას შორის ყოფილიყო დაცული. ამიტომ ჩვენ ახალი ფორმულირება შევთავაზეთ კანონპრეოქტის ინიციატორს, რომელიც გაზიარებული იქნა მის მიერ. ასეთი ტიპის ჩანაწერი ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს, ზოგს ადმინისტრაციულ კოდექსში, ზოგს სისხლის სამართლის კოდექსში, მათ შორის წამყვან, დემოკრატიულ ქვეყნებს. კონკრეტულად რა შემთხვევა ჩაითვლება დარღვევად, სასამართლო გადაწყვეტს,” – აღნიშნავს ბესელია

დღეს კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომიტეტზე განხილვის შედეგად კანონპროექტში შესწორებები შევიდა და საბოლოოდ შემდეგი ფორმულირება მიიღო:

“პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში- 1000 ლარით.”

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი უფლებათა კომიტეტია, ხოლო მთავარი- იურიდიული კომიტეტი. იურიდიული კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი