ახალი ამბები

ფოფხაძე რელიგიური გრძნობების კანონპროექტზე: ეს ფუნდამენტალიზმს არ გააღრმავებს

2 თებერვალი, 2016 • 1502
ფოფხაძე რელიგიური გრძნობების კანონპროექტზე: ეს ფუნდამენტალიზმს არ გააღრმავებს

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო მოქალაქის დასჯა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია:

“ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება, რომელშიც ადმაიანის უფლებების კუთხით პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვხედავ. ბოლო დროს იყო ცუდი პრეცედენტები, რაც მე შევაფასე, როგორც თავისუფლების ხარისხის ზრდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს დათრგუნული იყო ყველაფრის გამოხატვა. როცა რეჟიმი მოიხსნა, ხალხმა თავისუფლება იგრძნო, ვიღაცამ ეს თავისუფლება არასწორად გამოიყენა და სხვისი რელიგიური გრძნობები შელახა. ხშირად მართლმადიდებლების მხრიდან ხდებოდა ეს, ჩვენ, მართლმადიდებლებიც ხანდახან განვიცდით ძალიან უსამართლო თავდასხმებს იმ ადამიანებისგან, ვისაც ღმერთის არ სწამს. არ გწამს და ნუ გწამს, მე ხომ არ მოვდივარ და არ გარწმუნებ საწინააღმდეგოში? მე შეურაცხყოფას რატომ მაყენებ? ეს არის ყველას თავისუფალი არჩევანი და ამ არჩევანის თავისუფლება სახელმწიფომაც უნდა უზრუნველყოს.”

კითხვაზე, კანონპროექტის მიღება ფუნდამენტალიზმს ხომ არ გააღრმავებს, დეპუტატი პასუხობს:

“პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ფუნდამენტალიზმს ხელს უწყობს ისეთი ქმედებები, როცა დამცინავი დამოკიდებულებაა რელიგიის მიმართ, ვიღაცები თავს ესხმიან, მერე ხდება იმ რელიგიური ჯგუფების მარგინალიზება და თავის თავს აღიქვამენ მსხვერპლად. მერე იძახიან, რომ ჩვენ უსამართლოდ გვჩაგრავენ და უფრო რადიკალურები უნდა ვიყოთ. რადიკალიზმს ხელს  უწყობს ის, რომ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მარგინალიზებას ვახდენთ. აღმსარებლობის თავისუფალი სივრცე როცა არის, იქ არ უნდა მოხდეს რადიკალიზმი.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომიტეტზე განხილვის შედეგად კანონპროექტში შესწორებები შევიდა და საბოლოოდ შემდეგი ფორმულირება მიიღო:

“პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში- 1000 ლარით.”

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი უფლებათა კომიტეტია, ხოლო მთავარი- იურიდიული კომიტეტი. იურიდიული კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი